"ლელო" ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს: ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ამ გზითაა შესაძლებელი
21/07/2023 08:57:48 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანებას "ლელო" , "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფელბა" არ უერთდებიან. "ლელოში" ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, მნიშვნელოვანია ალტერნატიული ცენტრის შექმნა, რისთვისაც პარტიას მუშაობა დაწყებული აქვს.
"ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის თქმით, პარტიას კონსულტაციები ექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და თანამშრომლობის ძირითადი წინაპირობა ორპოლუსიანობის დასრულება იქნება.
"ივანიშვილის ხელისუფლება დღეს ამ ქვეყანაში წარმოადგენს რუსულ ინტერესებს და მისი დამარცხება შესაძლებელია სწორი ალტერნატიული ცენტრის შექმნით, რომელიც ჯამურ ოპოზიციურ შედეგს შექმნის, როგორც უმრავლესობას 51%-ზე მეტს. ამ ქვეყანაში არსებობენ მოქალაქეები, რომლებსაც არ უნდათ არც "ნაციონალური მოძრაობა", არც "ქართული ოცნება" და ცალსახად ციფრები და კვლევები ამაზე მიუთითებს, ეს არის ფაქტი. ამისთვის ამ მოქალაქეების ხმა ქართულ პოლიტიკაში უნდა დავაბრუნოთ, იმ 39 და 34%-სა ვისაც აქვს მიუღებლობა ორი პოლუსის მიმართ. ორპოლუსიანობის დასრულება არის ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მოთხოვნა, რომელის სჭირდება ამ ქვეყნის დემოკრატიას და განვითარებას", -განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ განაცხადეს, ისინი პროდასავლური პარტიების ფლანგზე ქმნიან "გამარჯვების პლატფორმას".


