
მოქალაქე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება
21/07/2023 09:36:14 სამართალი
21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც ქუჩაში ჩხრეკის დროს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.
"ვისაუბრებ ყველაფერს სიმართლეს, რაც გამიკეთეს მანქანაში, რის გამოც ტყუილად წამიყვანეს განყოფილებაში. ვინც შემოწმებაზე მოვიდნენ ჩვენთან, მაგ ორმა შეურაცხყოფა მომაყენა თავიდანვე და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა. ის ვინც საჭესთან იჯდა მაგინებდა, მიხსნიდა, რომ ციხეში ასეთ რამეს გამიკეთებენ და ჩემნაირი ბევრი ჰყავს ჩასმული ციხეში", - განაცხადა ჟღენტმა საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე.
ადგილზე ლაშა ჟღენტის დედაც იმყოფება. ოჯახი ასევე აპირებს ექსპერტიზის ბიუროს მიმართოს.
"გუშინ რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ. ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ. ჩვენ არ გავჩერდებით - ვინც არ უნდა დარეკოს. ჩემი შვილები არიან მართლები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით", - განაცხადა ლაშა ჟღენტის დედამ სოფო გამცემლიძემ.
ცნობისთვის: შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამიწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამიწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავეთანხმებოდი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მაქანაშიც მირტყეს თავში“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ლაშა ჟღენტმა.
შემთხვევის შესახებ ყვება ლაშა ჟღენტის ძმა, ლუკა ჟღენტი. ის ადასტურებს, რომ პოლიციელები აგრესიულები იყვნენ და ლაშა ჟღენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იგი ამბობს, რომ ადგილზე მივიდა მათი ბებიაც, რომელიც პოლიციელების შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც მანაც დაზიანებები მიიღო:
"ბებიაჩემი მოვიდა, არ ასმევინებდა ეგეც მანქანაში, კარებს არ ახურინებდა და დაძრეს მანქანა და ბებიაჩემი გააფორთხიალეს. დაზიანებები აქვს ბებიაჩემს".