
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
21/07/2023 11:16:28 სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელის მხრიდან 21 წლის ლაშა ჟღენტზე შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ეს დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივნისს განაცხადა, რომ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე პოლიციამ მასზე იძალადა. როგორც ლაშა ჟღენტი „მთავარ არხთან“ ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქუჩაში ძმასთან ერთად მიდიოდა და პოლიციამ ჩხრეკის მიზნით გააჩერა.
„მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს „ტრუსიც“ გამიწიეს. ვხვდები, რომ ზედაპირულად გაჩხრეკა შეუძლიათ, მაგრამ როცა „ტრუსი“ გამიწიეს, ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე სიტყვები „ხელის გაწევა“ პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და პოლიციას ეგრე არ უნდა ვესაუბრო. [პოლიციის] მანქანაშიც მგუდავდნენ. მანქანაში რომ მტენიდნენ, ხომ არ დავეთანხმებოდი. მანქანაში რომ ჩამსვეს და ბორკილები დამადეს, მაქანაშიც მირტყეს თავში“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ლაშა ჟღენტმა.
შემთხვევის შესახებ ყვება ლაშა ჟღენტის ძმა, ლუკა ჟღენტი. იგი ადასტურებს, რომ პოლიციელები აგრესიულები იყვნენ და ლაშა ჟღენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იგი ამბობს, რომ ადგილზე მივიდა მათი ბებიაც, რომელიც პოლიციელების შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც მანაც დაზიანებები მიიღო:
"ბებიაჩემი მოვიდა, არ ასმევინებდა ეგეც მანქანაში, კარებს არ ახურინებდა და დაძრეს მანქანა და ბებიაჩემი გააფორთხიალეს. დაზიანებები აქვს ბებიაჩემს".
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ. ამ მუხლით გამოძიებება 160-ზე მეტ შემთხვევაში დაიწყო..