ჯანდაცვის მინისტრი: ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება
21/07/2023 11:44:18 პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება.
მისი თქმით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.
„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.


