Accentnews.ge
ქართული ნაციონალიზმის პარადოქსი

ქართული ნაციონალიზმის პარადოქსი

24/05/2019 06:35:28 სხვა, მითები და რეალობა

მოდით ნაციონალიზმზე ვისაუბროთ. რა არის ნაციონალიზმი? ამ კითხვას ბევრი პასუხი აქვს, რომელზე საუბარიც აქ შორს წაგვიყვანს და ძირითადი სათქმელისგან დაგვაშორებს. ყველა დაინტერესებულ პირს, ონლაინ შეუძლია მოიძიოს პასუხი ამ კითხვაზე. თუმცა, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაციონალიზმი არის, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, ისეთი გრძნობა, რომლის მთავარ მიზანსაც ერის თვითმყოფადობის შენარჩუნება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მას თეორიულად მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს (ისევე როგორც სხვა იდეოლოგიებს), პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის, ნაციონალიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველია და ეს რისკი მის პოტენციურ რადიკალიზაციაში გამოიხატება, რისი მაგალითებიც ისტორიაში მრავლად მოიძებნება. როგორც არ უნდა განვმარტოთ ამ იდეოლოგიის ძირითად თეორიულ საწყისს მაინც ვერ ავცდებით. მიზანი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნება, ან განსაკუთრებით უკიდურეს შემთხვევაში მისი ფიზიკური გადარჩენა შეიძლება იყოს.

როგორია ქართული ნაციონალიზმი დღეს? ეს კითხვა, წესით, ძალიან რთული უნდა იყოს და კომპლექსურ კვლევას საჭიროებდეს, მარგამ სამწუხაროდ, მასზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია; ქართული ნაციონალიზმი არ არსებობს... თუ ისტორიას გადავხედავთ, ყველა ეპოქაში (მას შემდეგ რაც ნაციონალიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ჩაისახა), ყველა ერში, მიუხედავად იმისა მან რადიკალური ფორმები მიიღო, თუ არა ნაციონალიზმი ერის მთავარ პრობლემაზე კონცენტირდებოდა. თანამედროვე საქართველოში კი, ის სრულიად მოწყდა ქართველი ერის, ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს მთავარ ამოცანებს, კონცენტრირებულია მეორე(ან მეათე) ხარისხოვან პრობლემებზე და მთავარ გამოწვევას მიზანმიმართულად უვლის გვერდს.

რა შეიძლება იყოს კონსოლიდაციის წყარო ქართული ნაციონალისტური ჯგუფებისთვის? პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იდეა და აქედან გამომდინარე, ის რაც ამ დამოუკიდელობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. დიახ, ეს რა თქმა უნდა არის რუსეთი, მოსკოვი, კრემლი (რაც გინდა ის უწოდეთ) და სამხედრო ოკუპაცია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი დაკავებაში გამოიხატება, არამედ ყოველდღიურ პრაქტიკაში ცდილობს ქართული საზოგადოების გახლეჩას, მასში უიმედობისა და დაუცველობის განცდის ჩანერგვას, განვითარების პერსპექტივის გაქრობას, ყოველდღე იტაცებს, აწამებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს, აჩენს ახალ საზღვრებს ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და ა.შ.

რომელიც ნაციონალისტური ჯგუფები (რომლებიც თავიანთ თავს ასეთებად მიიჩნევენ) ასახელებენ ნომერ პირველ გამოწვევად რუსულ ოკუპაციას? 

მე ასეთი არ მახსენდება. ნაციონალისტებად თავს ბევრი წვრილი დაჯგუფება წარმოგვიდგენს. ყველას თუ გავეკიდებით, აი ისეთებს, ბრუტალური დედისერთა ფაშისტები რომ არიან, რომლებსაც ჯარში წასვლის ეშინიათ, ძალიან შორს წავალთ, ამიტომ მსგავსი სუბიექტები ერთ ჯგუფში გავაერთიანოთ. ამ ჯგუფს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ქართული მარშიც. იმის მაგივრად, ადამიანებმა, რომლებიც თავის თავს ნაციონალისტებს უწოდებენ, ნაციონალური იდენტობის უმთავრეს პრობლემაზე ამოიღონ ხმა, ყოველ წელს დარბიან და უმცირესობებს დასდევენ. კარგით, დავაკონკრეტოთ, LGBT პირებს დასდევენ, სცემენ, ემუქრებიან და ა.შ. მათ შორის, საჯაროდ გაუპატიურებით ემუქრებიან ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მათ რაღაცაში არ ეთანხმებიან. მსვლელობებს ატარებენ აღმაშენებლის გამზირზე, რადგან იქ ბევრი თურქული რესტორანია.

აქვს ამ ყველაფერს რეალური შეინაარსი? რა თქმა უნდა არ აქვს. ამ ადამიანებს არასოდეს უხსენებიათ რუსული სამხედრო ოკუპაცია და მისგან მომდინარე საფრთხეები. ეს ადამიანები რუსებს სიამოვნებით უმღერიან, მათ შორის ჩუნგა ჩანგას, 9 მაისის მემორიალთან რუს დიპლომატებს „ეპათხალიმებიან“ (ასე ქვია მაგას მათთვის საყვარელ ენაზე), მოსკოვში ვოიაჟებს არ თაკილობენ და ა.შ. რომ შევაჯამოთ, ეს ხალხი, თავის თავს ნაციონალისტებს რომ ეძახიან, რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს...

გაცილებით საშიშ ჯგუფად შეიძლება მივიჩიოთ პატრიტთა ალიანსი, რადგან ისინი მთლად პარლამენტში არიან წარმოდგენილები. ამას ემატება ისიც, რომ ამ პოლიტიკურ ძალას, აქვს საკუთარი პარტიული ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში საკითხების ლობირებას. ერთ ერთი მათგანი პარტიის ბოლო პერიოდის იდეა, ე.წ. სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ. ასევე, ღია, ანტითურქული პროპაგანდა, როგორც ტელევიზიის ეკრანებიდან, ისე პარტიის ლიდერთა გამოსვლებში. სოციალურად დაუცველი ადამიანების ზურსგსუკან ამოფარებული პოლიტიკური ძალა, ამ ორ თემას ააქტიურებს და იძახის: რა დროს ნატოა ხალხნო, ამდენი გაჭირვებულია ქვეყანაშიო. ალბათ დიდ ხაზგასმას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსულ ოკუპაციაზე ხმას არ იღებს. სამაგიეროდ, ყოველგვარი მანდატის გარეშე, მისი საპარლამენტო ფრაქციის წევრები, რუსეთის დუმაში კოლეგებს ხვდებიან და ორი ერის ისტორიულ ძმობაზე ელაპარაკებიან. პარალელურად, ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გადაცემა აქვს ბატონ ვალერი კვარაცხელიას, რომელიც ქართველ ხალხს იდიოტებსა და საცოდავებს ეძახის, ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და პუტინის აპოლოგიითაა დაკავებული. ნორმალურ ქვეყანაში ეს კაცი თამამად „ფეისბუქლაივსაც“ ვერ ჩართავდა (თან ვიცით, რომ „ფეისბუქლაივები“ პატრიოტთა ალიანსის წევრების ძლიერი მხარე არაა), თუმცა ჩვენთან, ის, ღია ეთერში ზის და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ისე ეწევა, რომ ხელს არავინ არაფერში უშლის.

არ შეიძლება უყურადღებოთ დავტოვოთ ქართული სამღვდელოების გარკვეული ნაწილი. რომლებიც ამბიონიდან ქადაგებენ და ქართული ნაციონალური იდენტობის მთავარ საფრთხედ ბრუტალური ფაშისტების მსგავსად LGBT პირებს მიიჩნევენ. ასევე, ეწევიან ღია ანტიდასავლურ პროპაგანდას. ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უნერგავენ აზრს, რომ ევროპა საქართველოში მხოლოდ გარყვნილების იმპორტს ახდენს და თუ ევროპისკენ სვლას გავაგრძელებთ, აუცილებლად გადავშენდებით ისე, როგორც სოდომი და გომორი. სამღვდელოების ეს ნაწილი ავანგარდში უდგას 17 მაისს უმცირესობების დარბევის აქციებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი პირები მაღალ იერარქიაშიც მოიძებნებიან. ასე, მაგალითად, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა აგვისტოს ომი ღმერთის მიერ მოვლენილ სასჯელად შეაფასა, ოკუპანტი რუსეთის არმია კი, ღვთის ნების აღმსრულებლად. ის რომ ევროპა გვრყვნის და ხსნა ერთმორწმუნეებში უნდა ვეძებოთ, სხალთის ეპისკოპოსის არაერთ ქადაგაბაში იკვეთება. ევროპიდან მომდინარე უბედურებათა ჩამოთვლისას რიტორიკულ კითხვასაც დააყოლებს ხოლმე - ეგი გინდათ ქართველებსო?!

სამღვდელოების ეს ნაწილი აგრესიულად გმობს უკრაინის ეკლესიის ატოკეფალიას, იცავს მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესებს, არასოდეს ახსენებს რუსულ ოკუპაციას, გვერდს უვლის ოკუპანტების მიერ ქართული ეკლესიის მრევლის გატაცების ყოველდღიურ ფაქტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების მიტაცებას, არასოდეს ახსენდება ერთმორწმუნე რუსეთის მიერ გაუქმებული ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ა.შ. ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეკლესიის წიაღში არიან როგორც მაღალი იერარქები, ისე რიგითი სასულიერო პირები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გმობენ რუსულ ოკუპაციას, თუმცა სამწუხაროდ, მათი გავლენა, ამ გადასახედიდან, მნიშვნელოვნად ჩამორჩება რადიკალური ჯგუფების ძალაუფლებას.

 ნაციონალიზმი სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ერს შეიძლება მხოლოდ ერთი გამოწვევა ქონდეს. ბევრს შეიძლება სუბიექტურად სხვადასხვა რამ ეგონოს მნიშვნელოვანი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების გზაზე, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ყველაფერი ნათელზე ნათელია, ნაციონალისტური ჯგუფების მიერ რუსული ოკუპაციის მუდმივი იგნორირება და უპირველეს გამოწვევათა რიგში სხვა პრობლემების დაყენება, არ შეიძლება შეფასდეს როგორც გულწრფელი პოზიცია, მითუმეტეს რომ ეს საკითხი მათ დღისწესრიგში საერთოდ ვერ ხვდება.

არ არსებობს ერი, რომელიც სრულად დაცლილია ნაციონალისტური გრძნობებისგან. ასეთ ვითარებაში ლოგიკურიც კი იქნებოდა ქვეყანაში ძლიერი ნაციონალისტური ჯგუფების არსებობა, პოლიტიკაში ნაციონალისტური დღისწესრიგის არსებობა, მაგრამ ჩვენს რეალობაში მივიღეთ პარადოქსი. ნაციონალისტებად პოზიციონირებას ახდენენ ის ჯგუფები, რომლებსაც არ აქვთ ნაციონალური იდეა და პირდაპირ ემსახურებიან მტრის ინტერესებს. 

ეს ხდება მაშინ, როდესაც კრემლის რუპორები ღიად ამბობენ, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს, საქართველო სრულად უნდა დაგვეპყრო და მეზობელ ქვეყნებს შორის დაგვენაწილებინაო. ქართველებზე კი ფიქრობენ, რომ ჩვენ ღმერთმა არტისტულ, სცენიურ ერად გაგვაჩინა, ამიტომ სულ უნდა ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, სადღეგრძელოები ვიძახოთ და მეტი მისია არ გვქონდეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რუსებს უნდათ რომ ცირკის ცხოველები ვიყოთ, რომელიც მათთვის სანახაობას დადგამენ და გაართობენ. სხვა მისია ამ პლანეტაზე ქართველ ერს მათთვის არ აქვს. ჩვენი ნაციონალისტური ჯგუფები, თავისი გაუგებარი პრიორიტეტებით კი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ნაცვლად, ჩვენი ცირკის ცხოველებად გადაქცევის მისიას ემსაურებიან.


დავით ბრაგვაძე 

„ინფოარმისთვის“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S