მიხეილ სააკაშვილმა ალექსეი ნავალნის სოლიდარობა გამოუცხადა
22/07/2023 17:19:26 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც კოლონიაში იმყოფება და ახალ სისხლის სამართლის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„სოლიდარობას ვუცხადებ ალექსეი ნავალნის! ძალიან ნიჭიერ მებრძოლს თავისუფლებისთვის, რუსეთის არაადამიანური რეჟიმის წინააღმდეგ, შეიძლება 20 წელი მიესაჯოს. ალექსეი, თქვენ ხართ ბევრად უფრო დიდი ისტორიული მნიშვნელობის სიმბოლო, ვიდრე ყველა თქვენი მტანჯველი ერთად აღებული“, - დაწერა სააკაშვილმა "ტვიტერში".
მან რწმენა გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი მალე დაინგრევა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ნავალნის გადაწყვეტილებას, 2021 წელს დაბრუნებულიყო რუსეთში, სადაც მას დაპატიმრება მოელოდა, „ჩვენ არ შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენი ქვეყნები მათში ყოფნის გარეშე, თუნდაც ეს ციხეში უზარმაზარ გაჭირვებას ნიშნავდეს“.
სააკაშვილმა ნავალნის ჯანმრთელობა და ძალა უსურვა.
თავად მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად ის ის მკურნალობას გადის კლინიკა „ვივამედში“ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად თვლის და საქართველოს ხელისუფლებას ვლადიმირ პუტინის ბრძანების შესრულებაში ადანაშაულებს.
ის ასევე ამტკიცებს, რომ შესაძლოა, მოწამლეს ისევე, როგორც ნავალნი, რომელიც 2020 წელს თავის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.
მიმდინარე წლის აპრილში ნავალნიმ თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ გაათავისუფლონ.


