ნინო წილოსანი საქართელოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორს" უწოდებს
24/07/2023 10:55:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ჭორს" უწოდებს.
"თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება. მე მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, შეგვიძლია სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება, არასდროს მოხდეს.
ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული", - განაცხადა წილოსანმა.
გამოცემა SOVA-მ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება.
"უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის განკარგულებას.


