შალვა პაპუაშვილი: 12 ევრორეკომენდაციიდან 3 უკვე შესრულებულია, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა, რომ საკითხები საბოლოოდ შესრულდეს
25/07/2023 07:47:06 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირისგან მიღებული 12 რეკომენდაციიდან 3 უკვე შეასრულა.
მისი თქმით, ოქტომბრამდე საკმაო ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს.
„12 რეკომენდაციიდან სამი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, ევროკომისიამ აქაც აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. [...] დანარჩენს რაც შეეხება, იცით, რომ საკანონმდებლო კუთხით ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკითხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის შუალედურ ანგარიშში არ იყო გათვალისწინებულ და გარდა ამისა, ეს ბოლო ცვლილებები გახლავთ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ანალიზისთვის. მეორე - იცით, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გვთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია ბრიუსელთან, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ. აქ დიდი ხარვეზები ჩვენ ვერ მოვისმინეთ. საუბარი იცით, რომ იყო, მაგალითად, კონკურენციის სამართალზე და სახელმწიფო შესყიდვებზე. როდესაც ჩავეკითხეთ კონკრეტულად რა მოლოდინები აქვთ ჩვენგან, მაინცდამაინც, ფუნდამენტური საკითხები აქ არ არის. ჩვენ დღევანდელ შეხვედრასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, რას ფიქრობენ საკანონმდებლო კუთხით და მეორე მიმართულებაა უკვე პრაქტიკაში განხორციელება იმ რეფორმების, რაც პარლამენტმა მიიღო და ამას თავისთავად დრო და დაკვირვება სჭირდება, რაზეც ევროკავშირიც საუბრობს. რეკომენდაციების შესრულება-არშესრულებაზე საბოლოო შეფასება ეკუთვნის ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შეფასება. უკვე მოხერხდა, რომ საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს. აქ მთავარია, ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა და გარდა ამისა, ოქტომბრამდე საკმაოდ ვადაა იმისთვის, რომ საკანონმდებლო მხრივ არსებული საკითხები საბოლოოდ შესრულდეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.


