
მოსკოვი საქართველოსთვის ავიაემბარგოს გაუქმების ვადებს არ ასახელებს
27/11/2019 08:27:22 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსი სენატორი, წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მოსკოვის მიერ მიმდინარე წლის ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმების ვადებს არ ასახელებს და აცხადებს, რომ “სადღეისოდ ამაზე საუბარი ნაადრევია”.
ასე უპასუხა კარასინმა “Sputnik საქართველოსთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, “შეგვიძლია თუ არა, დღეს ცალსახად ვისაუბროთ ავიაემბარგოს გაუქმებაზე და შესაძლებელია თუ არა, ეს წლის ბოლომდე მოხდეს?”.
“ვფიქრობ, სადღეისოდ ამაზე ცალსახად საუბარი ნაადრევია. ავიამომისვლის აღსადგენად საჭირო იქნება დამატებითი ერთობლივი მუშაობა. უპირველესად ეს ეხება ატმოსფეროს გაჯანსაღებას, ივნისის ტიპის პროვოკაციული ანტირუსული განცხადებების შეწყვეტას, რომლითაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ. ერთი სიტყვით, ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, ვეცდებით, წავიწიოთ წინ, მათ შორის – ავიამიმოსვლის აღდგენის კუთხით, თუმცა როდის მოხდება ეს – ძნელი სათქმელია” - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ რუსულ „ტასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური თვალსაზრისით ავიამიმოსვლის აღსადგენად პრობლემები არ აქვს და მიესალმება, თუკი მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს:
"შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსული მხარის მიერ ცალმხრივად იქნა მიღებული და თუკი აკრძალვის გაუქმების სურვილი ექნება, შეუძლია, ეს თავად გააკეთოს. ტექნიკური თვალსაზრისით, ქართულ მხარეს ფრენების აღსადგენად არანაირი პრობლემა არ აქვს. ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანობაში, ავიამიმოსვლის აღდგენას მივესალმებით“.
5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდება. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები) შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა.