Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 15 წუთში დასრულდა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა 15 წუთში დასრულდა

25/07/2023 13:00:20 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვის ფარგლებში 25 ივლისის სხდომაზე მოწმის სახით სასაქონლო ექსპერტი დაკითხა. ამირან ჯვარშეიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას 13 მაისს დაევალა ექსპერტიზის ჩატარება ორი დაზიანებული ავტომობილისთვის – "შკოდა კოროლასა" და "შკოდა რაპიდისთვის". მას უნდა შეეფასებინა ავტომობილების დაზიანებით დამდგარი ზიანის ღირებულება.

ამირან ჯვარშეიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ორივე დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე დაათვალიერა. მისი თქმით, "შკოდა კოროლის" შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულებაც 40 000 ლარს შეადგენს, დაზიანებები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ზიანი 39 500 ლარად შეფასდა, "შკოდა რაპიდის" შემთხვევაში კი, რომლის საბაზრო ღირებულებაც 23 000 ლარია, ზიანმა 13 800 ლარი შეადგინა.

პროკურორის განმარტებით, გამოძიება ლაზარე გრიგორიადისს "შკოდა რაპიდის" დაზიანებას არ ედავება.

გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, ყველა მტკიცებულებას, მათ შორის სასაქონლო ექსპერტის ჩვენებას სადავოს ხდიან. მისი თქმით, ზიანის ანაზღაურება შესაძლოა, გრიგორიადისს დააკისრონ, რასაც ეწინააღმდეგებიან.

ექსპერტის გამოკითხვა სასამართლოში დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გრიგორიადისის საქმის განსახილველ სხდომებზე პროკურატურას მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა დასაკითხი. ყველა წინა სხდომა, რომლებზეც მოწმეები დაიკითხნენ, ამგვარი დღის წესრიგით მიმდინარეობდა, თუმცა 25 ივნისს მოწმის დაკითხვისთვის გამოყენებული დრო რეკორდულად მცირე აღმოჩნდა.

პროცესი 25 აგვისტოსთვის გადაიდო.

ცნობისთვის: ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

გამოძიების ცნობით, ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S