ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება, გამოიყენონ ისეთი მკურნალობა, რომლის შედეგადაც ექს–პრეზიდენტი კვლავ გამოჯანმრთელდება
25/07/2023 14:55:03 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება.
„ნამდვილად მადლიერი ვარ საქართველოს ხელისუფლების იმისთვის, რომ დათანხმდნენ პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. მოხარული ვარ, რომ ჩამოვიდნენ მედიკოსებ, მოინახულეს იგი, აიღეს ნიმუშები. ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ასევე ესაუბრნენ ექიმებს აქ, საქართველოში, რომლებიც მზრუნველობას უწევენ მიხეილ სააკაშვილს და იმედი მაქვს, რომ პოლონელი ექიმების დასკვნა ქართველ ექიმებს დაეხმარება, გამოიყენონ ისეთი მკურნალობა, რომლის შედეგადაც ყოფილი პრეზიდენტი კვლავ გამოჯანმრთელდება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
12 ივლისს პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, უწყების განცხადებით, ასახულია, როგორ ცდილობდა, პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას. 17 ივლისს „ვივამედის" ინციდენტის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა სააკაშვილის „სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანის" გამო შეშფოთება გამოხატა. 19 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა "ვივამედში" პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.


