განათლების მინისტრი: ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში

25-07-2023 20:07:33 პოლიტიკა

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ "ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში".

„არანაირი წარმოება ან განაცხადი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს. ეს არის, უბრალოდ, დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი. არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში“, - განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ამილახვარმა.

მანამდე, გამოცემა SOVA-მ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება.

"უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი", - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო იმ პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი, რომელიც 2023 წლის 20 მაისს განხორციელდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის განკარგულებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები