
50 ყოფილი პარლამენტარი სახელმწიფოსგან კუთვნილი პენსიის გაზრდას ითხოვს
27/11/2019 09:41:19 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
50 ყოფილი პარლამენტარი სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის გაზრდას ითხოვს. მათ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
მოსარჩელე ყოფილი პარლამენტარები ნესტან კირთაძე, ლევან მესხი და სხვა პირები სადღეისოდ ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 560 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ.
ისინი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რომლის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარია. კანონში აღნიშნული ცვლილება 2006 წელს შევიდა, მანამდე ყოფილი პარლამენტარები პენსიის სახით იმ ოდენობის ანაზღაურებას იღებდნენ, რაც პარლამენტში მუშაობის დროს ხელფასი ჰქონდათ.
2006 წლამდე პარლამენტარის ხელფასი 750 ლარი იყო და შესაბამისად, ყოფილი პარლამენტარებიც აღნიშნული ოდენობის პენსიას იღებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპენსაციის შესახებ კანონის ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მათ პენსია შეუმცირდათ, მოსარჩელეების ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა.