Accentnews.ge
სოხუმის აეროპორტი რუსეთს გადაეცა

სოხუმის აეროპორტი რუსეთს გადაეცა

26/07/2023 12:52:17 კონფლიქტები

სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რუსეთის სახელმწიფოს, კერძოდ, გასაიდუმლოებული "რუსი ინვესტორის", სავარაუდოდ - კრემლის სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას კომპანიის საკუთრებაში გადადის. თუმცა ასევე არაოფიციალურად სახელდება კიდევ ერთი სავარაუდო მფლობელი - კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორი ტკაჩოვი.

საზოგადოებრიობის, ოპოზიციისა და საექსპერტო წრეების წინააღმდეგობის მიუხედავად, აფხაზურმა "პარლამენტმა" დღეს აეროპორტის ამ დრომდე გასაიდუმლოებული "რუსი ინვესტორისთვის" გადაცემას პირველი მოსმენით თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი: 35 "დეპუტატიდან" რატიფიცირების მომხრე სხდომაზე მყოფი 30 აღმოჩნდა, წინააღმდეგი - მხოლოდ 2, ერთმაც თავი შეიკავა.

ამასთან, როგორც კენჭისყრის შემდგომი განხილვისას გამოიკვეთა, აფხაზ კანონმდებელთა უმრავლესობამ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი ისე დაუჭირა, რომ ტექსტის დეტალებში არ იყო გარკვეული და არც იმ შემაშფოთებელ კითხვებზე გააჩნდა პასუხი, რომელიც საზოგადოებას თვეებია, აღელვებს, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე არავინ სცემს.

გასული 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აფხაზურ "ეკონომიკის სამინისტროს", მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოუწია, გაევრცელებინა განცხადება, რომლის ტექსტით ფაქტობრივად დადასტურდა ეჭვები რუსეთთან გაფორმებული შესაბამისი შეთანხმების დრაკონულობის თაობაზე. კერძოდ, გაირკვა, რომ აფხაზეთის საკუთრებაში რჩება მხოლოდ აეროპორტთან მისასვლელი გზა და ელექტროობის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი. მიუხედავად ამისა, "სამინისტრო" ცდილობდა, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ "აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფოს საკუთრებასა და მართვაში დარჩებოდა".

საზოგადოებრივი მღელვარება კი, რომელმაც აიძულა "სამინისტრო", ხსენებული "დამამშვიდებელი" განცხადება გამოექვეყნებინა, მოჰყვა 2022 წლის 16 აგვისტოს აეროპორტის ტერიტორიაზე რუსეთის ეკონომიკის მინისტრ რეშეტნიკოვის ვიზიტს: მაშინ ამ მოვლენის გამშუქებელი ერთ-ერთი გადამღები ჯგუფის ოპერატორმა შეძლო, დაეფიქსირებინა დოკუმენტი, რომელიც რუსი ჩინოსნის თანმხლებ აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ/ვიცე-პრემიერ კრისტინა ოზგანს ეკავა ხელში. ის, თუ როგორ ჰქონდათ რუსულ და აფხაზურ მხარეებს დაგეგმილი აეროპორტის გაყოფა, პირველად სწორედ აქედან გაირკვა.

კერძოდ, იმ დოკუმენტის თანახმად, "რუსეთის ფედერაციის ობიექტებად" ფიქსირდებოდა ასაფრენი ზოლი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, "ინვესტორის ობიექტებად" - აეროვაგზლის კომპლექსის შენობა წინამდებარე მოედნით, ხოლო "აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად" – მხოლოდ აეროპორტთან მისასვლელი გზა და ელექტროობის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი.

რუსი მინისტრის მაშინდელი ვიზიტის შედეგად გაირკვა ასევე, რომ პროექტის სავარაუდო ინვესტორი სამრეწველო ჯგუფი "Базовый элемент"-ი იყო, რომელიც კრემლის ოლიგარქის, სანქცირებული ოლეგ დერიპასკას მიერ კონტროლირებად კომპანიებს აერთიანებს. მათი უმრავლესობა კუნძულ ჯერსიზე რეგისტრირებული კომპანია Basic Element Ltd-ს კუთვნილებაშია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, 100%-ით განეკუთვნება ბრიტანულ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ A-Finance-ს, რომლის ბენეფიციარიც ოლეგ დერიპასკა გახლავთ.

კრემლის ხსენებული ოლიგარქი 2018 წლიდან აშშ-ის სასანქციო სიაში ფიგურირებს. მისი გვარ-სახელი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დოკუმენტაციაში არაერთგზის გვხვდება. 2022 წელს ოლიგარქმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა, თუმცა ევროკავშირის სასანქციო სიაში მაინც მოხვდა.

2017 წელს დერიპასკამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ სასანქციო სიაში მოხვედრის გამო დაკარგა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს, რადგან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა. ICAO-მ აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და 2006 წლიდან თავისი დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S