27-07-2023 10:14:59 მსოფლიო
საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს.
რუსული მედიის ცნობით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან.
„მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები“, - ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.
მანამდე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” ემსახურება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.