"გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად"
27/07/2023 07:50:37 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად. ამის შესახებ მან სენატში ისაუბრა.
ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში.
„აშშ-მა სავიზო სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი იყვნენ სასამართლო სისტემის კონტროლით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად. ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა ო’ბრაიენმა.
მისი თქმით, ქართველების 90%–ზე მეტი ამბობს, რომ სურს, იყოს ევროპის ნაწილი და ქვეყანაში ამ საკითხზე პოლარიზაცია არ არსებობს.
მან რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნა:
"უფრო ვრცლად, მე შევხვდი ამ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფს საქართველოდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფი მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, თქვენ, ყველას გინახავთ ამ ადამიანების ჯგუფი. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას. ქართველი ხალხის 90%–ზე მეტი ამბობს, რომ მათ სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი. ამ საკითხზე არანაირი პოლარიზაცია არ არის. რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომმა ეკონომიკური ინტერესების ჯგუფმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპაში გასაწევრიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის. ასე რომ, ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებში და გვინდა, ვიხილოთ წინსვლა ამ საკითხებში მომდევნო თვეებში. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭო მოხსენებას წარადგენს“.


