
მთავრობის განკარგულებით ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი გამოიყო
27/11/2019 11:45:59 სხვა, რეგიონები
ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. შესაბამისი თანხა მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო. სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მოხდება მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება.
საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 146 ლარით, თანხა მიმართული იქნება შესაბამისი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).
1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. იქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.