
„თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკს ტარიფის გაძვირების შემთხვევაში განაახლებს
27/11/2019 12:10:43 სხვა, საზოგადოება
"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორის დავით ასანიძის განცხადებით, კომპანია ავტოპარკს ტარიფის გაძვირების შემთხვევაში განაახლებს.
დავით ასანიძის განცხადებით, 2011 წელს, როდესაც კომპანიამ ლიცენზია მოიპოვა, დოლარის კურსი 1.65-ზე იყო, მაშინ მიკროავტობუსების განახლებაში თითქმის 63 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო. თუმცა, როგორც დავით ასანიძე ამბობს, დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად მგზავრობის ტარიფები დღემდე შეცვლილი არ არის, კომპანიას კი უკვე 150 მილიონამდე ზარალი აქვს, საიდანაც 50 მილიონი დოლარის კურსის გაუფასურების გამოა.
"ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამაზე ყოველთვის გვქონდა საუბარი და გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რაც ქალაქშია. ვცდილობდით, მაქსიმალურად ისე გადაგვეტანა ეს, რომ არ გაძვირებულიყო მგზავრობა. დღეისათვის კომპანიამ სხვა გამოსავლის მონახვა ვერ შეძლო", - განაცხადა დავით ასანიძემ.
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020-წლიდან.
„ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი და მძიმე მდგომარეობაშია. მე არ ვაპირებ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ, თუ როდის მოხდება ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. მინდა დავავლო ვიცე-მერს, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, ორი კვირის განმავლობაში შესაბამის კომპანიასთან დაიწყეთ მოლაპარაკება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. თქვენ იცით, რომ ეს არის კერძო კომპანია და ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ხელშეკრუოების გაფორმება, რომელიც 2030 წლმადეა, თუ არ ვცდები“, - განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.