Accentnews.ge
საელჩოს ეგიდით აშშ-ში იმყოფებოდნენ მოსამართლეები, რომლებმაც 2022 წელს ვიზიტზე უარი განაცხადეს

საელჩოს ეგიდით აშშ-ში იმყოფებოდნენ მოსამართლეები, რომლებმაც 2022 წელს ვიზიტზე უარი განაცხადეს

27/07/2023 16:29:05 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ხარჩილავა და ნინო ნაჭყებია იმ მოსამართლეებს შორის არიან, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეგიდით, ქალაქ ბალტიმორში 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.

როგორც საქართველოში აშშ–ის საელჩო იტყობინება, ღონისძიება ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემებს ეძღვნებოდა.

"სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ქართველ მოსამართლეებს 87-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემების შესახებ, რომელიც ქალაქ ბალტიმორში გაიმართა.მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგებისგან საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმებისა და დამცავი ორდერების შესახებ. ვაშინგტონში კი ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო პროცესებს დაესწრნენ.ვიზიტი ქართველი მოსამართლეებისთვის გამართული აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ტურითა და სასამართლოს როლის შესახებ ბრიფინგით დასრულდა", – აცხადებს საელჩო.

ხათუნა ხარჩილავამ და ნინო ნაჭყებიამ შარშან სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე უარი, მას შემდეგ განაცხადეს, რაც იმავე პროგრამიდან მოიხსნა ლაშა ჩხიკვაძე.

იმ დროს „სოლიდარულ” მოსამართლეებს შორის ხათუნა ხარჩილავასა და ნინო ნაჭყებიას გარდა, მაია ქოქიაშვილი, გიზო უბილავა, რომეო ტყეშელაშვილი იყვნენ.

ჩხიკვაძისადმი მოსამართლეების მიერ სოლიდარობის გამოცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება პარლამენტის პლენარულ დარბაზში, სადაც შემდეგი აღნიშნა:

„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი".

რამდენიმე მოსამართლემ აშშ-ში ვიზიტზე 2023 წელსაც განაცხადა უარი. ამჯერად მიზეზი 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. სავიზო სანქციები დაუწესეს საქართველოს სამი მოქმედ და ერთ ყოფილი მოსამართლეს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S