"ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა
28/07/2023 09:40:01 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა.
ენმ–ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, როდესაც პარტიას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ამ მიმართულების გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
“გამარჯვების პლატფორმის” გაძლიერების პარალელურად ვაგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებას განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ რუსული ექსპანსია მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოში შემოჰყავს ათი ათასობით რუსი, არათუ რუსი პუტინისტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არც კი, აღიარებს. შემდეგ ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას, აკეთებენ ბიზნესებს და სამწუხაროდ, ანაცვლებენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც თავქუდმოგლეჯილი გარბიან ამ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ აქ ვერ შრომობენ, ვერ მუშაობენ და ოჯახებს ვერ ინახავენ. ამიტომ,ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევები. ასევე, ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ვნახეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება, საფრანგეთის პრეზიდენტის გამოხმაურება. ასევე, 2 დღის წინ ჩვენ საფრანგეთის ელჩთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მნიშვნელობაზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.დიახ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში დიახ, პრობლემაა კანდიდატის სტატუსი და დიახ,ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის,მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს. ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დათანხმდა ჩვენ შეთავაზებას. შესაბამისად, ზურა ჭიაბერაშვილი ამ მიმართულებით გააგრძელებს აქტიურ მუშაობას”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პროცესებს მორიგი ვრცელი კრიტიკული "პოსტით" გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელშიც აღნიშნა, რომ „ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია".
„სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ოცნების ხელისუფლება… პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით… ის რომ ოცნება ცუდია, რუსეთი ცუდია ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი არამედ ჩვენება, აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების.
მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო ოცნებაზე სიმართლით… არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის.
ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3 %იანი არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით.
დიდი ელქეტორალური უპირატესობა კი მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს…
იგივეს კეთებით და იგივე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში…
ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ, რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების.
საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ…
სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა…
დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს მანამდე რა ხდებოდა… ხოდა მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი მაშინ თუ ახლა“, – წერს ნიკა მელია.


