
საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომლის მიერ მაღალჩინოსნების მხილებაზე გამოძიება არ დაიწყო და საქმე გენინსპექციას გადაუგზავნა
28/07/2023 10:07:25 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს უფროსი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა მისი საქმის გამოძიებაზე.
რაზმაძემ 11 ივლისს საჯაროდ ისაუბრა უწყების მაღალჩინოსნების და გენერალური ინსპექციის მხრიდან მის მიმართ ღირსების შემლახავ და დამამცირებელ მოპყრობაზე. მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც პოლიციელების მხრიდან დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა, საჯაროდ მოუწოდა, დაინტერესებულიყო მისი საქმით. შემდეგ კი წერილობით მიმართა.
"განცხადების შეტანიდან 4 დღის შემდეგ, 2023 წლის 18 ივლისს ტელეფონით დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი და მთხოვა საგამოძიებო ორგანოში მისვლა. 19 ივლისს, დილის საათებში ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი საგამოძიებო ორგანოში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებისას, სამსახურის წარმომადგენლისაგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ამ ფაქტზე არ იყო დაწყებული და ჩემი დაბარების მიზეზი იყო ჩემთან გასაუბრება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ოქმით.
ვინაიდან გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას არ იცნობს/არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ასეთ წესს ითვალისწინებდა ძველი კანონმდებლობა), ცხადია უარი განვაცხადე წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე და სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემს მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რომლის შემდგომ ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან. ანუ, მოვითხოვე პროცესის ისე წარმართვა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა", - წერს გოგა რაზმაძე.
მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან პასუხი წერილობით 27 ივლისს მიიღო.
ამ წერილში გამოძიების არდაწყების მიზეზად დასახელებულია ის, რომ მან არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება, მის მიერ გავრცელებული განცხადება არ მოიცავდა დანაშაულის ნიშნებს და რომ გოგა რაზმაძის საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში – უწყებაში, სადაც გოგა რაზმაძის მტკიცებით, მას მოექცნენ ღირსების შემლახავად და დამამცირებლად.
გოგა რაზმაძის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხი გამოძიების არდაწყების ფაქტზე "კრიტიკას ვერ უძლებს."