ბათუმი - პუტინისტების ლაინერის მოლოდინში [ახლდება]

31-07-2023 00:53:03 სამართალი

ბათუმის პორტთან, სადაც მოქალაქეები სოჭიდან მომავალი პუტინისტთა საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებენ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიციას აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტისგან მოშორებით გადაჰყავს. უკვე დაკავებულია ერთი აქტივისტი.

მთავარი აქცია დილის 07:00 სთ-ისთვის არის დაგეგმილი და სამართალდამცველები წინასწარ მოემზადნენ: მიმდებარე ტერიტორია ორმაგი ზღუდითაა შემოღობილი, რათა აქციის მონაწილეები პუტინისტთა ხომალდისგან იმ სიშორეზე დადგნენ, რომ მათი შეძახილები გემზე არც კი ისმოდეს. პორტთან მისასვლელი გზები გადაკეტილია. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან გდდ-ს თანამშრომლები, ე.წ. "რობოკოპები", ასევე წყლის ჭავლის მანქანები.

როგორც ადგილიდან ჟურნალისტები იუწყებიან, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულებს კიდევ 100-მდე სამართალდამცველი დაემატა.

პორტის ზღუდეებით შემოღობვამ ქალაქში გადაადგილებაც გაართულა.

ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ამჯერად 31 ივლისს, გამთენიისას შემოვა. მასზე სხვა მგზავრებთან ერთად პუტინისტი მომღერლები და ტელეწამყვანებიც იქნებიან, რომლებიც გემბანიდან პროპაგანდისტული კონცერტის გამართვას გეგმავენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ღამის პორტთან გატარებას აპირებენ და 07:00 სთ-ისთვის ადგილზე თანამოაზრეთა შემომატებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა პირდაპირ ეთერში აღიარა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები