ბათუმის პორტში საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებენ
31/07/2023 02:31:05 პოლიტიკა
ბათუმის პორტში, სადაც რუსეთიდან პუტინისტების საკრუიზო ლაინერის შემოსვლის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.
დაკავებულთა რაოდენობას სამართალდამცველები ამ ეტაპზე ჟურნალისტებს არ უსახელებენ, აქციის მონაწილეები კი უკვე ოთხ დაკავებულზე საუბრობენ. ცნობილია, რომ მათ შორისაა მოძრაობა "დროას" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰენრი დოლიძეც.
დაკავებები აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ რკინიგზის ჯებირების გადალახვის მცდელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე სპეცრაზმელებიც შეიყვანეს.
ამ დროისთვის აქცია ბათუმის ნავსადგურთან, გოგებაშვილის ქუჩაზე გრძელდება - იქ გადასვლა მომიტინგეებს სამართალდამცველებმა აიძულეს. თუმცა ამ წუთებში ვითარება იქაც დაიძაბა, ამჯერად - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო. არადა, სხვა ადგილი მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გასამართად ფიზიკურად არაა.
"ეს მონები ცდილობენ, შეგვაცოტავონ, რომ პუტინისტებს დისკომფორტი ვერ შევუქმნათ" - აცხადებენ აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ქმედებების საპასუხოდ.
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დაახლოებით ერთი საათის წინ შემოვიდა. მას ამჯერად სხვა მგზავრებთან ერთად პუტინისტი მომღერლები და ტელეწამყვანებიც ჩამოჰყვნენ, რომლებიც გემბანიდან პროპაგანდისტული კონცერტის გამართვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა პირდაპირ ეთერში აღიარა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას მაშინაც პროტესტით დახვდნენ.


