პოლიცია საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიისკენ აღარ უშვებს
31/07/2023 02:58:23 პოლიტიკა
პოლიცია საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიისკენ აღარ უშვებს. ყველა მისასვლელი უკვე გადაკეტილია. თუმცა მანამდე მომიტინგეებთან მიერთება მოასწრეს აჭარაში მყოფმა ბელარუსმა აქტივისტებმა, რომლებიც პუტინისტების ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას ქართველებთან ერთად აპროტესტებენ.
თავად აქცია ამ წუთებში გოგებაშვილის ქუჩაზე გრძელდება. ისმის ანტიპუტინისტური შეძახილები, საქართველოს და უკრაინის ჰიმნები. აქციის მონაწილეებს საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვთ გაშლილი.
ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტში, სადაც რუსეთიდან პუტინისტების საკრუიზო ლაინერის შემოსვლის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია იმართებოდა, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა რაოდენობას სამართალდამცველები ამ ეტაპზე ჟურნალისტებს არ უსახელებენ, აქციის მონაწილეები კი უკვე ოთხ დაკავებულზე საუბრობენ. ცნობილია, რომ მათ შორისაა მოძრაობა "დროას" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰენრი დოლიძეც.
დაკავებები აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ რკინიგზის ჯებირების გადალახვის მცდელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე სპეცრაზმელებიც შეიყვანეს. მათ მომიტინგეებს გოგებაშვილის ქუჩაზე გადანაცვლება აიძულეს.
"ეს მონები ცდილობენ, შეგვაცოტავონ, რომ პუტინისტებს დისკომფორტი ვერ შევუქმნათ" - აცხადებენ აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ქმედებების საპასუხოდ.
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დაახლოებით ერთი საათის წინ შემოვიდა. მას ამჯერად სხვა მგზავრებთან ერთად პუტინისტი მომღერლები და ტელეწამყვანებიც ჩამოჰყვნენ, რომლებიც გემბანიდან პროპაგანდისტული კონცერტის გამართვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა პირდაპირ ეთერში აღიარა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას მაშინაც პროტესტით დახვდნენ.


