საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არ გაატარეს ავტობუსი, რომელსაც რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი პირები ქალაქში უნდა შეეყვანა
31/07/2023 03:10:42 პოლიტიკა
ბათუმის პორტის სიახლოვეს მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არ გაატარეს ავტობუსი, რომელსაც რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო ლაინერზე მყოფი პირები ქალაქში უნდა შეეყვანა.
ამ დროისთვის აქცია ბათუმის ნავსადგურთან, გოგებაშვილის ქუჩაზე გრძელდება - იქ გადასვლა მომიტინგეებს სამართალდამცველებმა აიძულეს. სამართალდამცველებს ტერიტორიისკენ ყველა მისასვლელი გადაკეტილი აქვთ და აქციას მიერთების მსურველებს ამ ადგილისკენ აღარ უშვებს.
ცოტა ხნის წინ პოლიციამ რამდენიმე მოქალაქეც დააკავა. დაკავებულთა რაოდენობას სამართალდამცველები ამ ეტაპზე ჟურნალისტებს არ უსახელებენ, აქციის მონაწილეები კი უკვე ოთხ დაკავებულზე საუბრობენ. ცნობილია, რომ მათ შორისაა მოძრაობა "დროას" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჰენრი დოლიძეც.
დაკავებები აქციის რამდენიმე მონაწილის მიერ რკინიგზის ჯებირების გადალახვის მცდელობას მოჰყვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე სპეცრაზმელებიც შეიყვანეს.
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დაახლოებით ერთი საათის წინ შემოვიდა. მას ამჯერად სხვა მგზავრებთან ერთად პუტინისტი მომღერლები და ტელეწამყვანებიც ჩამოჰყვნენ, რომლებიც გემბანიდან პროპაგანდისტული კონცერტის გამართვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა პირდაპირ ეთერში აღიარა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას მაშინაც პროტესტით დახვდნენ.


