გახარია – ბათუმის მოვლენებზე: ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს
31/07/2023 14:41:04 პოლიტიკა
ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენები.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, "ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს".
„ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება - „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია. ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!“,- წერს გახარია.
ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. შსს–ს ცნობით, აქციაზე 23 პირი დააკავეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.
საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.


