"არა - რუსეთიდან შემოსულ გემს!", "არა - საქართველოს რუსიფიკაციას!" - ბათუმის პორტში პუტინისტების ხომალდს აქციით აცილებენ
31/07/2023 16:12:19 პოლიტიკა
"არა - რუსეთიდან შემოსულ გემს!", "არა - საქართველოს რუსიფიკაციას!" - ამ მოთხოვნებით ბათუმის პორტში ამ წუთებში მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე კვლავ სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ნავსადგურის მისადგომები კვლავ შეღობილია რკინის ორმაგი ჯებირებით.
პუტინისტების საკრუიზო ხომალდმა ცოტა ხნის წინ შავი კვამლი აუშვა, რაც იმის ნიშანია, რომ ოკუპანტი ქვეყნის ტერორისტი ლიდერის პროპაგანდისტების ხომალდი ბათუმის პორტიდან გასასვლელად მზადებას იწყებს.
ამასობაში ხომალდის მგზავრები ლაინერზე ნაწილ-ნაწილ, ქართული პოლიციის გაძლიერებული დაცვის თანხმლებით ბრუნდება. მათ აჭარის დედაქალაქში დრო ასევე ქართული პოლიციის გაძლიერებული დაცვის პირობებში ატარეს, სანამ დილის საპროტესტო აქციის მონაწილეები და უფლებადამცველები იმ აქციაზე დაკავებულ 23 პირს საქარველოს სხვადასხვა ქალაქების იზოატორებში ეძებდნენ. მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ამჟამინდელი აქციის მონაწილეები დილით დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნასაც აყენებენ.
"საქართველოს რუსიფიკაციის" საწინააღმდეგო აქციებზე ამ წუთებში თბილისსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.
ბათუმში მიმდინარე მოვლენებს კრემლის ტელეარხები აქტიურად ეხმაურებიან და პუტინისტების საპროტესტო დახვედრას "მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პროტესტად" აფასებენ. იგივეს იმეორებდნენ დღეს ლაინერიდან ჩამოსული რუსი პროპაგანდისტებიც და იქვე დასძენდნენ, რომ "რუსეთი ოკუპანტი არაა და საქართველო და რუსეთი დიდი მეგობრები არიან".
სამწუხაროდ, ანალოგიურია საქართვლოს ხელისუფლების მესიჯ-ბოქსიც: პუტინისტთა ლაინერის მგზავრები "არიან ტურისტები, რომელთაც საქართველოს ეკონომიკაში ფული შეაქვთ", დღევანდელი აქციები კი "არა ხალხის პროტესტი, არამედ "რადიკალური ოპოზიციის მორიგი მავნებლური ქაჯობა იყო", რომ "რადიკალები დესტაბილიზაციის მიღწევას და ამ გზით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტირებას ცდილობენ".


