Accentnews.ge
კობახიძე ამბობს, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაცია იყო

კობახიძე ამბობს, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაცია იყო

01/08/2023 08:13:08 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსი ტურისტების, მათ შორის საკრუიზო გემისა და მასზე მყოფი ტურისტების მიერ შემოტანილი ფული მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რომლის ზრდაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

კობახიძის თქმით, კრუიზმა ეკონომიკას „350 ათასი ლარი მოუტანა“, რაც „არც ძალიან ბევრია, მაგრამ ცოტაც არ არის“:

"თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 000 ლარზე მეტი, საიდანაც დაახლოებით 100 000-ს შეადგენს ტურისტების დანახარჯები და დაახლოებით 250 000-ს - გემის მიერ პორტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხა. „ნაციონალებმა“ იციან, რომ ამ შემოსავლების შემცირებით ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ დააქცევენ, მაგრამ მას თუნდაც მცირე ზიანს მიაყენებენ, რაც „ნაციონალებისა“ და მათი პატრონების გადმოსახედიდან, უკვე საქმეა. ამასთან, მათი მთავარი მიზანი არა იმდენად საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება, რამდენადაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა და საქართველოსთვის პოლიტიკური რისკების შექმნაა".

მისივე მტკიცებით, არ ჰქონდა ლოგიკური ახსნა გუშინ ბათუმის ნავსადგრუში აქციის გამართვას:

"ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას".

საქართველოს ეკონომიკისთვის რუსული ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ გარეშე 20-30 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება.

„რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ, ქვეყანა დაკარგავს წელიწადში მილიარდ დოლარს. ეს ნიშნავს 20-30 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძე ირწმუნება, რომ გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ, ვინაიდან „გემი არ შესულა აფხაზეთში“.

კრუიზზე მყოფ ტურისტთაგან ზოგიერთის განცხადებაზე (არ ცნობდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას), კომენტარის გაკეთებისას კობახიძემ ტურისტებისთვის ჟურნალისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კითხვის დასმას „პროვოკაცია“ უწოდა და პარალელი გაავლო სერბეთისა და კოსოვოს სიტუაციასთან:

„სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები. მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი ეტყვის, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები ცუდი ადამიანები არიან – რაც უთხრეს, იმას იმეორებენ“, – ამბობს იგი.

ცნობისთვის: საკრუიზო ლაინერს 31 ივლისს საქართველოში არა მარტო რუსეთის რიგითი მოქალაქეები, არამედ პუტინის ცნობილი პროპაგანდისტებიც ჩამოჰყვნენ. ერთნიც და მეორენიც ბათუმში ყოფნისას ღიად აცხადებდნენ, რომ "რუსეთი ოკუპანტი არაა", რომ "საქართველოდა რუსეთი მეგობრები არიან", რომ "რუსეთიც და საქართველოც ერთი ქვეყანაა - დიადი საბჭოთა კავშირი", რომ "აფხაზეთი საქართველო არაა" და რომ "რუსებმა თავის დროე აფხაზეთი ქართული აგრესიისგან დაიცვეს".

ანალოგიური განცხადებები გაკეთდა რუსების მხრიდან 27 ივლისსაც - საკრუიზო ლაინერის პირველი შემოსვლისას. სამოქალაქო პროტესტის მთავარი მიზეზიც ეს გახდა.

რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, რომელზეც კობახიძე და "ოცნების" სხვა წარმომადგენლები აპელირებენ, გუშინ მედიამ რიგი საგულისხმო დეტალები გაარკვია. კერძოდ,

პუტინისტების საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში უსაფრთხოდ შესვლა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიამ უზრუნველყო. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, საპორტო მომსახურებას ლაინერს „ინფლოტ ჯორჯია“ უწევს, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი თენგიზ ნაკაშიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის „ოცნებელი“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმა გახლავთ.

ამასთან, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ რუსულ საკრუიზო გემს „მწვანე შუქი“ საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა - ალექსი ახვლედიანმა აუნთო, რომელიც ოფიციალურად, თანამდებობაზე კონკურსის გზით შეირჩა, თუმცა ცნობილია, რომ ის მმართველ პარტიასა და პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. საგულისხმოა, რომ სწორედ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს, რომლის ფარგლებში დახარჯულ საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებითაც აუდიტის სამსახურმა მძიმე დასკვნა წარმოადგინა, თუმცა ახვლედიანისთვის ამაზე პასუხი დღემდე არავის მოითხოვია.

დღეს ბათუმის პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ახვლედიანთან ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. პასუხის მოპოვება კითხვაზე, რატომ გასცა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ნებართვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმ ლაინერის შემოსვლაზე, რომლის ბორტზე, წინასწარ დაანონსებული ინფორმაციის თანახმად, პუტინის პროპაგანდისტები და ოკუპაციის შესახებ კანონის სავარაუდო დამრღვევი პირები იმყოფებოდნენ, ვერც მისი უწყების სხვა წარმომადგენლებისგან მოხერხდა.

წელს შავ ზღვაში სულ რვა საერთაშორისო საკრუიზო ლაინერი შემოვიდა. მათგან ბათუმის მიმართ ინტერესი მხოლოდ „ასტორია გრანდემ“ გამოხატა.

ირკვევა ასევე, რომ რუსული კომპანია „აკვალონი“, რომელიც გემის გაყიდვების აგენტია, სანქცრებული რუსი ბიზნესმენის - დიმიტრი პუმინის ოჯახს ეკუთვნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S