Accentnews.ge
პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით გადაიკეტა

პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით გადაიკეტა

28/11/2019 04:57:49 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

დილიდან პოლიციელების სიმრავლეა საქართველოს პარლამენტთან. მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩები რკინის კედლებით გადაკეტეს. რკინის კონსტრუქციები დგას ჩიტაძის და ზუბალაშვილის ქუჩებზე. გადაკეტილია ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩისკენ მიმავალი გზაც.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს კვლავ აპირებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

დილის 10 საათიდან პარლამენტში დანიშნულია ჯერ იურიდიულ საკითხთა, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომები, ხოლო 12 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა.

„მთავარი ის არის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის და სხვა დაწესებულებების პიკეტირებას. შეხედეთ, ასეთი რუსთაველი არ მახსოვს. თვითონვე ამოილუქეს თავი, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება პირდაპირ შეხედონ ქართველ ხალხს.ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ პიკეტირებას მანამ, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ იმ დაპირებას, რასაც დაპირდნენ ქართველ ხალხს“,- „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა.

„მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, არ ვიცი. კარგია, ეს სურათი არის მინიმუმი, რაც უნდა იდოს სულ.

კარგი შედეგი იქნება, საერთოდ თუ არ შევუშვბთ შიგნით, მაგრამ მაგას სჭირდება ბევრად მეტი ხალხი.

მთავრობა თვითონ იკეტავს საკუთარ თავს, ხან ჯებირებით, ხან ავტობუსებით, ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს. გამოდის ის კაცი და ლაპარაკობს, ვითომ ნორმალური მდგომარეობაა, ყველაფერი კარგადაა და ორ კვირაში მიუნხენში გაგიშვებთ სამუშაოდო, გასულია ეს ხალხი, უფრო სწორად ის კაცია გასული და ესენი აყვნენ, საგიჟეთში ვცხოვრობთ", - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S