ხაზარაძე: ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო
01/08/2023 11:51:59 პოლიტიკა
"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მმართველი გუნდის წევრებს ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო.
„დღევანდელ, მორიგ ტყუილ განცხადებაზე ანაკლიასთან დაკავშირებით: ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, „ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო.
ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას "ოცნების" რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით და შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.
ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არასდროს შევწყვეტ!“- ამბობს ხაზარაძე.
საქართველოსა და ჩინეთის მიერ ურთიერთობების დონის ამაღლების ფონზე გაჩნდა კითხვები, ხომ არ იგეგმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება.
თემის კომენტირებისას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეგვახსენა საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადება:
„აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. დღეს ყველანი ვხედავთ: ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ეს იქნებოდა უდიდესი წინსვლა საქართველოსთვის, რომელიც ავითარებს თავის როლს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში. ეს საქართველოსთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა განსავითარებლად. სწორედ ამიტომ უკვე დიდი ხანია, აშშ ანაკლიის პორტის განვითარებისკენ მოწოდებას აკეთებს. როგორც ვიცი, რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით და მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ვფიქრობთ, ანაკლია ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. ასე, რომ ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად. ამასთან, პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეს შეესაბამებოდეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“.
საპასუხოდ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არც ერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს ებარა, მან ვერც ერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ახსნადია ის, რომ ამერიკა შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს. ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება. ამერიკას ამ მიმართულებით არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სამწუხაროა. ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა“.


