
ნიკერსი: “თუ საქართველო რიგ ასპექტებს გაითვალისწინებს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ევროკავშირთან ურთიერთობას ხელს არ შეუშლის”
01/08/2023 14:28:10 პოლიტიკა
ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო რიგ ასპექტებს გაითვალისწინებს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ევროკავშირთან ურთიერთობას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ მან "აქცენტს" განუცხადა.
"ჩინეთთან პარტნიორობის გაძლიერება არ დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან და ევროკავშირთან, თუ საქართველოს სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები მომავალში კვლავ დასავლეთზე ორიენტირებული დარჩება. ჩინეთისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯები უფრო ფრთხილად უნდა იქნას აწონილ–დაწონილი. საქართველო ახლა ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად მკაცრი „წითელი ხაზები" უნდა გაივლოს ჩინეთთან ტრანზაქციებში, რათა თავიდან აიცილოს ჩინეთის კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ან საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილებზე.
გარდა ამისა, საქართველოს ინვესტიციები ჩინეთის კაპიტალის ბაზრებზე ძალიან ფრთხილად უნდა იქნას განხილული, თუ გავითვალისწინებთ ჩინური კომპანიების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. თუ ეს და სხვა მსგავსი ასპექტები სათანადოდ იქნება გათვალისწინებული, ეს ხელს შეუწყობს ყველა ნეგატიური გვერდითი ეფექტის თავიდან აცილებას, რაც ჩინეთთან პარტნიორობამ შეიძლება, გამოიწვიოს და ამავდროულად, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა შენარჩუნდება", – განაცხადა ნიკერსმა.
ცნობისთვის: 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.