მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "თავისუფლება მიშას" მიმდინარეობს
01/08/2023 16:57:13 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "თავისუფლება მიშას" მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
დემონსტრანტები ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საშუალება.
მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი "პუტინის პირადი ტყვეა":
"ჯანმრთელობა არის ისევ სუსტი ძალიან, ჰემოგლობინი აქვს ძალიან დაბალი. მიუხედავად იმისა, რომ გადასხმებიც გაუკეთდა. [...] ეს ადამიანი არის პუტინის პირადი ტყვე, ეს ასეც არის ნამდვილად და ყველაფერი უკავშირდება იმ წარმატებებს, რომლებიც იყო გარკვეულ წლებში და იმას, რომ 2008 წელს არ დათმო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არ გადასცა პუტინს, ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რის გამოც ჩემი შვილი არის ციხეში და ფაქტობრივად, ნელი სიკვდილით კლავენ".
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში ფარულად დაბრუნდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს. იგი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, დაუსწრებლად გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. 2022 წლის მაისში იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.


