Accentnews.ge
ბათუმში დაკავებული უკრაინის ორივე მოქალაქე თავისუფალია, სასამართლო პროცესები გადაიდო

ბათუმში დაკავებული უკრაინის ორივე მოქალაქე თავისუფალია, სასამართლო პროცესები გადაიდო

01/08/2023 17:35:44 სამართალი

ბათუმის ნავსადგურში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის ორივე მოქალაქის სასამართლო პროცესი გადაიდო. ისინი ამჟამად თავისუფლები არიან. უკრაინის მოქალაქის მარინა ჩობანიანის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 აგვისტოსთვის გადაიტანა.

გამოძიება ჩობანიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავება. თავად ჩობანიანი თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციაზე გზის სავალ ნაწილზე ყოფნისას დააკავეს, როცა იგი ტელეფონზე ლაპარაკობდა.

უკრაინის მოქალაქე 31 ივლისს ბათუმის ნავსადგურში რუსეთის მოქალაქე ტურისტებით შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. ჩობანიანი 24 საათზე მეტი ხნით ოზურგეთის წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებოდა. იგი იზოლატორში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გარკვეული დროით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქციაზე დაკავებული უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის დმიტრო ზერვესკის სასამართლო პროცესიც 7 აგვისტოს დაინიშნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 აგვისტოს დანიშნული პროცესი გადადო.

ორივე დაკავებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე აცხადებს, რომ პროცესი მათვე თხოვნით გადადეს, რადგან ვერ მოასწრეს მასალების გაცნობა. მისივე თქმით, საქმეში ვიდეოს ამსახველი დისკი დევს: „დღეს გადმოიყვანეს ოზურგეთის იზოლატორიდან, არ ეტყობა დაზიანებები, თუმცა აქვს შიდა დაბეჟილობა, როგორც თავად აცხადებს. იგივე ბრალდებით დაკავებულია მეორე მოქალაქეც, მას არ აღენიშნება დაზიანებები სხეულზე და არ საუბრობს ძალის გადამეტებაზე პოლიციის მხრიდან, თუმცა აცხადებს, რომ ის არაფერს აკეთებდა და არ არსებობდა საფუძველი მისი დაკავების“, - საია-ს წარმომადგენელი აქციაზე დაკავებულ ექვს პირს იცავს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 31 ივლისს, სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერის ჩასვლის საწინააღმდეგო აქციაზე.

საგამოძიებო სამსახურის ცნობაში, ასევე, აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო სახალხო დამცველის აპარატიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული განცხადებების საფუძველზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S