
გალელი ნათია ბახტაძის გაუჩინარებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს
02/08/2023 07:29:45 სამართალი
ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს ოჩამჩირელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ, კავშირი აქვს 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარებასთან. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" აცნობა ინფორმირებულმა წყარომ ოკუპირებული აფხაზეთიდან.
წყაროს თანახმად, დაკავებულის დაკითხვა სოხუმში მიმდინარეობს და იგი ჯერ–ჯერობით დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ნაპოვნია ნათია ბახტაძის გვამი. ეს უარყო მისმა დედამ იამზე აგუმავამ.
გალის მცხოვრები ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. დედამ იამზე აგუმავამ 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან. ქიშმარია გაჩინარებული გოგოს დედას 1 აგვისტოს შეხვდა და უთხრა, რომ კავშირი აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებიც ყველა ზომას მიმართავენ ნათია ბახტაძის მოსაძებნად.