შუბითიძე: ნებისმიერ ეკონომიკურ და სხვა ტიპის გარიგებას ახლავს რისკები, სახელმწიფოს ვალი მათი სათანადოდ გამოკვლევა – გათვალისწინებაა

03-08-2023 10:44:38 ინტერვიუ

ინტერვიუ "სტრატეგიული კომუნიკაციებისცენტრი-საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორ ერეკლე შუბითიძესთან.

– ბატონო ირაკლი, 31 ივლისს საქართველოსა და ჩინეთის შორის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი და, მათ შორის, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ჩინეთის სახით ახალი, დამატებითი საფრთხეები ემუქრება. თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, რამდენად რეალისტურია შიშები ამ ქვეყნის მხრიდან, რომელთანაც სახმელეთო საზღვარიც კი არ გვაქვს?

– ჩემი აზრით, აზრთა სხვადასხვაობა და შიშები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, განპირობებულია იმ ურთიერთობების სიმწვავით, რომელიც ჩინეთსა და "დასავლეთს" შორის ურთიერთობებში ფიქსირდება – ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან. რამდენადაც, საქართველოს გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსია, რომ იგი ევროპული და ევრატლანტიკური სტრუქტურების წევრი სახელმწიფო უნდა გახდეს, ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თბილისი-პეკინის ურთიერთობებს ჩინეთთან თავიანთი დაპირისპირების ჭრილში დაინახავენ, ხოლო თავად ჩინეთის მოქმედების ტაქტიკა საქართველოს ნელ-ნელა ჩამოაშორებს დასავლური განვითარების კურსს. პირადად, ვფიქრობ, რომ შიშები გადაჭარბებულია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და დამატებითი ინვესტიციები მხოლოდ მისასალმებელია, თუ ისინი სრულ თანხვედრაშია ქვეყნის კონსტუტიციასთან და ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან.

ნებისმიერი სახის ეკონომიკური და სხვა ტიპის გარიგებას თან ახლავს რისკები. სახელმწიფოს ვალი ამ შემთხვევაში არის, რომ ეს რისკები სათანადოდ იყოს გამოკვლეული და გათვალისწინებული.

კონკრეტულად, ჩინეთთან ეკონომიკური და ფინანსური გარიგებების ძირითადი კრიტიკა „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში დადებულ არაგამჭვირვალე და ჩინეთის მიერ, სახელმწიფოებისთვის კაბალური პირობებით გაცემულ სესხებზე "მოდის", რომელიც ხშირად, ჩინეთის "ზეგავლენის აქტივობების" ნაწილად არის აღქმული. ჩინეთი შემჩნეულია ისეთ მაქინაციებსა და მანუპალაციებში, როდესაც სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ცდილობს, მოვალე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულოი სტრატეტგიული ობიექტების - პორტების, რკინიგზის, მილსადენების და სხვების მითვისებას, ხელში ჩაგდებას. ექსპერტები აცხადებენ, რომ მთელ რიგ ხელშეკრულებებში ხშირად ფიგურირებს ისეთი მუხლი, რომელიც მოვალეს უკრძალავს სესხის რესტრუქტურიზაციას. მაგალითად, პორტის მშენებლობისთვის აღებული კრედიტის ვერდაფარვის შემთხვევაში, ხშირად, კრედიტორს საშუალება აქვს, სრულად მოითხოვოს გადახდილი თანხა უკან ან/და მიიღოს სხვა კომპენსაცია. რა შეიძლებნა იყოს ეს კომპენსაცია? მაგალითად, იჯარით დაეპატრონოს პორტს შემდეგი ათწელულების განმავლობაში.

ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩინეთი მსგავს გარიგებებს ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის იყენებს. მაგალითად, AIDDATA-ს კვლევით დადგინდა, რომ განხილული კონტრაქტების 90%–ზე მეტში, რომელიც ჩინეთის მთავრობას ან ჩინეთის განვითარების ბანკს სხვადასხვა სახელმწიფოებთან აქვთ დადებული, ჩაწერილია პირობა, რომელიც კრედიტორს საშუალებას აძლევს, შეწყვიტოს კონტრაქტი და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ფულადი ანაზღაურება, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ან პოლიტიკური ცვლილება მოხდება მოვალე ქვეყანაში. ამგვარი პირობის ჩადება სასესხო ხელშეკრულებებში სტანდარტულია ორ კომერციულ სუბიეტქს შორის, ხოლო როდესაც საქმე ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში სესხის ხელშეკრულებებს ეხება, სესხის გამცემს საშუალება აქვს ეს მომენტი მოვალე ქვეყნის წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ვინაიდან ჩინეთი არაერთხელ არის მსგავს ქმედებებში შემჩნეული, მსგავსი პოტენციური საფრთხეების გათვალისწინება ჩვენც უნდა შევძლოთ. მნიშვნელოვანია, მთავრობამ და არასამთავრობო სექტორმა საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მსგავსი ეკონომიკური/სავაჭრო ურთიერთობების მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება ეფექტურად უზრუნველყონ.

– თქვენ ახსენეთ, რომ ჩინეთის ეკონომიკური აქტივობები, მათ შორის სესხების გაცემაც, აღქმულია, როგორც ჩინური ზეგავლენის აქტივობების ნაწილი (China’s Influence operations”). შეგიძლიათ აღწეროთ, რა არის კონკრეტულად ჩინური ზეგავლენის აქტივობები? და რა განასხვავებს მას რუსული ზეგავლენის აქტივობებისგან?

– "ზეგავლენის აქტივობები" არის ღონისძიებები, რომლებიც მოწინააღმდეგის ქცევასა და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ისახავს მიზნად. ეს შეიძლება, იყოს საინფორმაციო ხასიათის, კოორდინირებული პროპაგანდისტული ან დეზინფორმაციული ხასიათის კამპანიები. ასევე, შეიძლება არაკომუნიკაციური ტიპის აქტივობების ერთობლიობაც – მაგალითად, ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა.

ზოგადად, საქართველოში, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ თანამედროვე სამყაროში, რუსეთის გარდა მრავალი ავტორიტარული სახელმწიფოა, რომლებიც საინფორმაციო (და არამარტო საინფორმაციო) ხასიათის ხერხებს თავიანთი ინტერესების უზრუნველყოფისთვის იყენებენ. ეს სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ საკუთარი პოზიციებიც განმტკიცებას სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის, ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე სწორედ ჩინეთია.

პეკინი, მოსკოვთან შედარებით გაცილებით მეტ ადამიანურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსებს ფლობს იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნის მოსახლეობის განწყობებსა და დამოკიდებულებებზე. მაგალითად, ჩინეთმა შეძლო და ისეთი სოციალური ქსელები, როგორებიცაა «ტიკ-ტოკი» და «ვიჩატი» მსოფლიო მოხმარების სოციალურ მედიად აქცია, რომელსაც პარალელურად საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების მხარდამჭერ ინსტრუმენტად იყენებს.

გარდა ამისა, ჩინეთმა შეძლო „სარტყელისა და გზის ინიციატივა» მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილისთვის მიმზიდველ პროექტად ექცია. რუსეთმა კი, დღემდე ერთი გლობალური მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე სოციალური მედიის შექმნაც კი ვერ მოახერხა, რომელსაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებდა.

შედეგები ნათელია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საინფორმაციო თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს განიცდის. საკუთარი გზავნილებისა და ნარატივების გავცელების მიზნით, კრემლი იძულებულია, ისეთი საკომუნიკაციო არხები გამოიყენოს, რომელთა მართვის სადავეები თავის ხელში არ არის (Youtube-ი, "ფეისბუქი", "ტვიტერი", "რედიტი" და სხვა). უფრო მეტიც, ისინი კრემლის მოწინააღმდეგე "დასავლეთის" მიერ იმართება. საბოლოო ჯამში, რუსეთი გარიყულია გლობალური პოლიტიკური მოედნიდან და მას ანგარიშგასაწევი პარტნიორები, მოკავშირეები, ცივილური სამყაროდან პრაქტიკულად აღარ ჰყავს.

ამდენად, რუსეთი იძულებულია, ზეგავლენის ოპერაციების მეთოდოლოგია მოძველებული, ხისტი მეთოდებით აწარმოოს, რაც შეიძლება, დიასპორების, რადიკალური და ექსტრემისტული, მოსყიდული პოლიტიკური ჯგუფების გააქტიურებას გულისხმობდეს და მოიცავდეს - დასავლეთის დადასავლეთის მოკავშირე ქვეყნის მოსახლეობაში განხეთქილებების, გაურკვევლობების, დაქსაქსულობის, დაუცველობის განცდების დათესვას. მეორეს მხრივ, რუსეთი იძულებულია, საკუთარი საინფორმაციო სივრცე ეტაპობრივადა "მოკეტოს", ვინაიდან მათთვის არასასურველი ინფორმაციისა და ნარატივების შიდა აუდიტორიებში გავრცელების პანიკური შიში აქვს.

ჩინეთს მსგავსი პრობლემები არ გააჩნია. მათი აუდიტორია უკვე დიდი ხანია, იზოლირებულია გლობალური ინტერნეტ-ქსელიდან და საკუთარი „ალტერნატიული“ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაც გააჩნიათ. ამასთან, პეკინს, კრემლის განგანსხვავებით, საკმარისზე მეტი ფინანსური რესურსი აქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს თავის მფლობელობაში არსებული სოციალური მედია პლტაფორმების გამოყენებით, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობებზე. მაგალითად, აშშ-ში რამდენიმე წლის წინ უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ «ტიკ-ტოკი»-ს ალგორითმი აშშ-ს მოსახლეობაში ჩინეთისთვის ხელსაყრელი წარმოდგენებისა და განწყობების ჩამოუყალიბებისთვის გამოიყენება. შესაბამისი მასშტაბებით, წლების განმავლობაში, ჩინეთი საკუთარი "რბილი ძალის" ინსტრუმენტებს საქართველოშიც იყენებდა. ინტერესების ზრდის კვალდაკვალ უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კიდევუ ფრო გაიზრდება.

საერთო ჯამში, ზეგავლენის აქტივობების ტექნოლოგია უცვლელია. განსხვავება მხოლოდ რესურსებსა და მიდგობემშია. ჩინეთმა დაინახა, რომ რუსეთი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით სუსტდება და რომ დროის დაკარგვა არ შეიძლება. ის ცდილობს, ყველგან, სადაც აქამდე მოსკოვისა და პეკინის ინტერესები იკვეთებოდა, ითამაშოს დასწრებაზე. ძირითადი ინტერესი სავაჭრო/ეკონომიკური სტრატეგიული საკომუნიკაციო ხაზებზე კონტროლის დაწესებაა, მათ შორის, საქართველოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყურადღებით ვადევნოთ თვალი ჩინეთის საინფორმაციო და ეკონომიკურ აქტივობებს ჩვენთან.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად სათანადოდ არის აღქმული რუსეთისა და ჩინეთიდან მომავალი "ზეგავლენის აქტივობების" საფრთხე ქართულ საზოგადოებაში?

– რუსეთი ღიად და დაუფარავად "აცხადებს", რომ აგრესორი ქვეყანაა, რომელიც საკუთარი იმპერიული ამბიციებისთვის უხეშ სამხედრო ძალას იყენებს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და თუ წესებს... ჩინეთს განსხვავებული, უფრო თანამედროვე და მოქნილი მიდგომები აქვს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფისთვის. ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია მოიცავს ქვეყნების, პოლიტიკური ელიტების და მათი სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებასა და კონტროლს, რასაც კონკრეტული ჯგუფების, ქვეყნების, ორგანიზაციების პოლიტიკასა და ეკონომიკაზე "ზეგავლენის" დაწესება მოსდევს. ასე, რომ ერთი და იმავე მიზნის მისაღწევად ორი განსხვავებული მიდგომა გვაქვს – ამისთვის, კრემლში შიშსა და ძალის დემონსტრირებას ირჩევენ, ჩინეთში ფინასებსა და "მშვიდობიან" რბილ-ძალას. ასეთი მიდგომა, პეკინს შესაძლებლობას აძლევს, თავისი რეალური მიზნები და მოტივები საქართველოში მეტად და კიდევ უფრო დიდი ხნით იყოს ბუნდოვანი ფართო მასებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდეს გზავნილი, რომელიც "გვეტყვის" რომ „სტრატეგიული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემას ჩინეთზე გადაცემა სჯობს... მაგათთან საზღვარი მაინც არ გვაქვსო“, რაც ცალსახად მანიპულაციური გზავნილი იქნება, რომელმაც შესაძლებელია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

შესაბამისად, რუსეთის აქტივობები, მიდგომები, ტექნოლოგიები არის ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოსთვის, თუმცა ეს არის გაცხადებული და ღია საფრთხე, რომელიც ცნობილია პრაქტიკულად ყველა მოქალაქესთვის. ჩინეთის ზეგავლენის აქტივობები და მათგან მომავალი საფრთხე უცხო ხილია ჩვენი საზოგაოდებისთვის და სამწუხაროდ მისი სერიოზულობა შეიძლება, არასათანადოდ იქნას შეფასებული.

ზუსტად ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს და ჩინეთის ურთიერთობებში ფიგურირებდეს დამცავი მექანიზმები, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილი იყოს დასავლური სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მოლაპარაკებებში ჩართულობით. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად მნიშნველოვანია, დავრჩეთ დასავლური სამყაროს განუყოფელ ნაწილად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შეიძლება, არ ეყოს რესურსი - თავი დაიცვას ჩინური მაქინაციებისგან, რომლის გრძელვადიანი მიზნები სუსტი სახელმწიფოების ჯერ საკუთ ფინანსურ შესაძლებლობებზე "ჩამოკიდება" და შემდეგ მათი კოტროლია. არ უნდა დავუშვათ რომ მარტო დავრჩეთ კიდევ ერთ უთანასწორო ბრძოლაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები