ქუთაისის მერიაში ენმ–ის ბრალდებებს პასუხობენ: ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული შენობების წინ ევროკავშირის დროშა აღმართული არასდროს ყოფილა
03/08/2023 10:23:29 პოლიტიკა
ქუთაისის მერიაში ეხმიანებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თემურ ცამციშვილის ბრალდებას, რომლის თანახმად, "ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული შენობების წინ ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია".
როგორც "აქცენტს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციული შენობების წინ ევროკავშირის დროშები აღმართული არასდროს ყოფილა და შესაბამისად, ისინი არც არავის ჩამოუხსნია.
რაც შეეხება აღნიშნული შენობების წინ დროშის რამდენიმე სადგარის არსებობის ფაქტს, მერიაში განმარტავენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების სტუმრობის შემთხვევაში ადგილზე შესაბამისი ქვეყნის დროშას აღმართავენ.
მანამდე, თემურ ცამციშვილმა განაცხადა, რომ "ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ჩამოხსნილია ევროკავშირის დროშა":
"ქუთაისში არსებული უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, თუ სოციალური პრობლემების ფონზე, ეს საკითხი შეიძლება ვიღაცას მეორეხარისხოვნად მოეჩვენოს, მაგრამ არცერთი ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შენობის წინ არ არის ევროკავშირის დროშა, რეალურად ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია. დარწმუნებული ვარ, ეს არის „ქართული ოცნების“ პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გაგრძელება და გატარება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
ქუთაისის მერს შევახსენე მისი 25-წლიანი გამოცდილება არასამთავრობო სექტორში, როდესაც მან ევროკავშირისგან უამრავი დაფინანსება მიიღო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ხელმძღვანელმა. ასევე, სიმბოლურად ევროკავშირის დროშის დატოვება მინდოდა მუნიციპალიტეტში, შევუტანე თანამშრომლებს, მაგრამ თავმჯდომარე არ იყო და არც პასუხისმგებელი პირი, თანამშრომლებმა დროშა ვერ დაიტოვეს, მეტიც გვერდზე გაიწიეს და არც გვეკარებოდნენ ახლოს. ეს კადრებში გამოჩნდება“, - აცხდებს თემურ ცამციშვილი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრეს–სამსახური ავრცელებს.


