
შსს: სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე მოქალაქე, ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება
03/08/2023 16:16:10 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე მოქალაქე.
"შსს–ს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება. სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ. ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები", – აცხადებენ შსს–ში.
შოვში, სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა. სასტუმროში ამ დროს დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვანებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.