
რუსეთის საგარეო: დასავლეთი ღიად ახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები სანქციების რეჟიმს არ არღვევს
04/08/2023 07:17:58 პოლიტიკა
დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ აშკარა ზეწოლას საქართველოზე რუსეთთან დიალოგის კუთხით. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.
„დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ აშკარა ზეწოლას თბილისზე, მიუხედავად იმისა, რომ არც ფრენები და არც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ყველა სხვა კომპონენტი არ არღვევს არსებული სანქციების რეჟიმს“, - ირწმუნება რუსი დიპლომატი.
"ჩვენ განვიხილავთ არალეგიტიმური ანტირუსული სანქციების ექსტრატერიტორიული გამოყენების მცდელობებს, როგორც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას და მათ ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან“, - დასძინა მან.
გონჩარი ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გადაწყვიტა „ქართველ და რუს ხალხებს შორის კონტაქტების, მოსკოვსა და თბილისს შორის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის საჭიროებიდან გამომდინარე.”
მისი თქმით, მოსკოვი კვლავაც ამ მოსაზრებებით იხელმძღვანელებს.