Accentnews.ge
მწერალთა სახლის დირექტორი: "სამინისტროდან მაცნობეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა მეწურება"

მწერალთა სახლის დირექტორი: "სამინისტროდან მაცნობეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა მეწურება"

04/08/2023 10:40:35 პოლიტიკა

საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორ ნატა ლომოურის ინფორმაციით, მას კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. როგორც ლომოური ფეისბუქში წერს, მან წერილობით უკვე აცნობა სამინისტროს, რომ დაინტერესებულია ვადის გაგრძელებით, თუმცა არ აქვს იმედი, რომ მის წერილს გაეცნობიან მაინც.

"მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს, დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც ჩემს გუნდთან ერთად 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე დიდი სიყვარულით და ერთგულებით. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს - ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას, რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.

P.S. ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!" - წერს ლომოური.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლს 2021 წლიდან შეუტია. დეკემბერში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ "მწერალთა სახლში არ უშვებენ მწერლებს, რომლებიც მწერალთა კავშირის წევრები არიან". მოგვიანებით ნატა ლომოურმა ეს ბრადება კატეგორიულად უარყო. წულუკიანმა ახსენა ასევე "სასტუმრო, რომელიც მწერალთა სახლის შენობაშია გახსნილი".

ამასთან, მწერალთა სახლი ახორციელებდა ლიტერატურულ პრემია "ლიტერას", თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, ჟიურის სხვა წევრებმა მისი დატოვება დაიწყეს, მონაწილეების დიდმა ნაწილმა კი საკუთარი ნაწარმოებები კონკურსიდან მოხსნა. ამის გამო კონკურსი ჩაიშალა, ხოლო სამინისტრომ შემდგომ წლებში მის დაფინანსებაზე უარი თქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S