პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობას სოლიდარობას უცხადებს და საზოგადოებას ტრაგედიის წინაშე ერთიანობისკენ მოუწოდებს
04/08/2023 11:25:47 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რაჭაში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს და მთავრობას სალოდარობას უცხადებს.
"მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მათთან ერთად ვილოცო მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს დიდი ტრაგედიაა სრულიად საქართვლოსთვის და მას ყოველი ჩვენი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრებისა" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მაშველსა და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულები არიან რაჭის რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში.
"მადლობას ვუხდი ყველა ამ ადამიანს. მათ რაც შეეძლოთ, ადგილზე ყველაფერი გააკეთეს და ახლაც აგრძელებენ ამას მოქალაქეთა გადასარჩენად" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული ყველა უწყების ხელმძღვანელობებს, ასევე მთლიანობაში საქართველოს მთავრობას და დასძინა, რომ "დღეს არის დრო ერთიანობისა და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვისა".
"მინდა, ისიც ვთქვა, რომ ჩვენი ადმინისტრაცია და მე პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა იქნება საჭირო. თავადაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით და რა როლით შეიძლება, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან მადლიერება გამოთქვა ასევე ყველა პარტნიორი ქვეყნის მიმართ, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს.
"მოვისმინე ასევე პრემიერისგან, რომ ჯერ არ თვლის მთავრობა, რაიმე დახმარება იყოს საჭირო პარტნიორებისგან. თუ ასეთი საჭიროება დადგება, ასევე მზად ვარ, ჩემი როლით, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ჩემი კონტაქტებით ჩავერთო ამ პროცესში. ამ დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად" - დასძინა პრეზიდენტმა.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, ეძებენ 35-მდე დაკარგულს. სტიქიის ზონიდან 210 მოქალაქე უვნებლადაა გამოყვანილი.


