Accentnews.ge
პარლამენტის პიკეტირების აქცია 29 ნოემბერს განახლდება

პარლამენტის პიკეტირების აქცია 29 ნოემბერს განახლდება

28/11/2019 12:06:24 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის პიკეტირების აქცია 29 ნოემბერს დილის 10 საათიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპროტესტო აქციების ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ

ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ:

„ბატონო ბიძინა, გწერთ "ბელადის მიერ მართული ახალგაზრდები", დიახ, ჩვენ ვერც დაჭერის შიშით შეგვაჩერებთ, ვერც ნიკა ლალიაშვილთან მონოლოგის დროს თითის ქნევით, ვერც თქვენი ტრიუკებითა და ვერც დასახიჩრების შიშით. 

ჩვენთვის თქვენ ერთადერთი მიზეზით ხართ საშიში - ქვეყანას აზიანებთ და ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქნათ.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, ჩვენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ კი არ წავალთ - აქ დავრჩებით, ვიქნებით ევროპის ნაწილი, განვვითარდებით პროდასავლური კურსით. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც დაგვიბრუნდებიან, რომლებმაც ქვეყანა წლებია დატოვეს - სხვა ქვეყანაში თავის რჩენის იმედად.

თქვენ ჩვენთვის დასრულებული ხართ, ამიტომ, კიდევ ამოიშენეთ რკინის კედლები და გამოიყენეთ ქართული პოლიცია პირად დაცვად. ჩვენთვის ეს სულერთია.

ხვალ, ჩვენ ისევ მოვალთ და ისევ არ მოგცემთ თქვენ მშვიდად ძილის და თქვენს პარლამენტარებს თავიანთ სკამებზე უსაქმურად მოკალათების საშუალებას“.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების პიკეტირების აქცია დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი რკინის კედლებით დილიდან გადაკეტა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S