
მღებრიშვილი: წინ წავიწიეთ, დილიდან ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს
04/08/2023 16:33:07 რეგიონები, საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ამ დროისთვის სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღების საჭიროება არ დგას. ამასთან, მან ისაუბრა ხვალისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე.
„დილიდან თავდაცვის სამინისტროს 20 თანამშრომელი იქნება დამატებით მობილიზებული [პრემიერმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ჯარიც შევა – რედ.]. გარდა ამისა, მძიმე ტექნიკის მობილიზებაც ხდება. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც გარკვეული ტერიტორიით წინ წავიწიეთ და მძიმე ტექნიკის გადაყვანა მოხერხდა მდინარის მარცხენა ნაპირზე, სადაც რამდენმე ცხედარი იქნა აღმოჩენილი. იმ ადგილიდან უკვე ფართოდ გაშლილ პერიმეტრზე დავიწყებთ საძიებო სამუშაოებს“.
რაც შეეხება შეთავაზებულ დახმარებას. მაგალითად, აზერბაიჯანის მხრიდან გამოითხვა მსგავსი მზაობა, მღებრიშვილი ამ კონტექსტში განმარტავს გაწეულ სამუშაოს:
„პირველივე დღიდან შესაბამისი რაოდენობა იყო მობილიზებული მძიმე ტექნიკის, თუმცა მიწის მასის გამო ვერ ხერხდებოდა გადაადგილება. დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მიწის მასის ტერიტორიებიდან გატანა, რამაც საშუალება მოგვცა, ორი ერთეული ტექნიკა გადასულიყო მდინარის მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში დამატებითი ტექნიკის მობილიზება და ვიმეორებ, ხვალ დილიდან უფრო აქტიურ ფაზას დავიწებთ მძიმე ტექნიკის ჩართულობით. რაც შეეხება ცოცხალი ძალის მუშაობას, 400–მდე მაშველია მობილიზებული და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ძებნა–შველის ღინისძიებები“,– თქვა მღებრიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, იმედი რჩება, რომ იპოვიან ცოცხლად გადარჩენილებს, თუმცა „მოლოდინი 50/50–ზეა“.
მღებრიშვილმა ისაუბრა დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე. თქვა, რომ ვითარებიდან გამომდინარე დაძაბული ფონია, ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ მათთვის ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება გატარებული ღონისძიებების თაობაზე, შეეთავაზათ სტიქიის ზონის დათვალიერება და სავარაუდოდ, უკვე ხვალ მოხდება ვერტმფრენებით მათი ზონაში შეყვანის ორგანიზება.
მღებრიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან პროზექტურაში 11–ვე ნაპოვნი ცხედარია გადასვენებული. ამოსაცნობად ოჯახის წევრებს პროზექტურაში სავარაუდოდ, დღეს მიიყვანენ.