Accentnews.ge
ბურჭულაძე: 220 სამხედრო და ტექნიკა ის მაქსიმუმია, რაც შეიძლება, გაიშალოს სტიქიის ზონაში

ბურჭულაძე: 220 სამხედრო და ტექნიკა ის მაქსიმუმია, რაც შეიძლება, გაიშალოს სტიქიის ზონაში

04/08/2023 17:10:58 რეგიონები, საზოგადოება

ჯამში 220 სამხედრო და პლუს ტექნიკა, რომლითაც ჯარი იქნება წარმოდგენილი შოვში, დღეის მდგომარეობით ის მაქსიმუმია, რაც შეიძლება გაიშალოს სტიქიის ზონაში,– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მანამდე თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ. შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე, გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

ბურჭულაძემ თქვა, რომ დასავლეთ სარდლობის მესამე ბრიგადის ერთი ასეული უკვე ჩავიდა რაჭაში.

“ასევე გვარდიის ასეული დავძარით და ჩვენი შესაბამისი საინჟინრო ტექნიკაც ჩამოვიტანეთ. კონკრეტულად საფეხმავლო ხიდი უნდა დავამონტაჟოთ მდინარის კალაპოტში, რომ მდინარეზე უფრო მეტი მობილურობა შევძლოთ. რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა აღჭურვილობაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ვიმუშაოთ. ვაპირებთ, როგორც კი დაბნელდება, იმ პერიოდშიც ვიმუშაოთ, გავშალოთ ხიდი, რაც რამდენიმე საათს მოითხოვს...

მაქსიმალური რაოდენობა ავიღეთ იმისა, თუ რა შეიძლება, პოტენციურად გამოვიყენოთ ადგილზე: 220 სამხედრო მოსამსახურე ჯამში და პლუს ტექნიკა, რაც ჩვენ აქ გვეყოლება, დღეის მდგომარეობით ის მაქსიმუმია, რაც შეიძლება გაიშალოს სტიქიის ზონაში. პლუს იქ მუშაობს ტექნიკა, ღამითაც იმუშავებს და დილითაც“,– თქვა ბურჭულაძემ.

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ. მონაცემები არ შეცვლილა დღის ბოლოსთვისაც.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S