პაატა მანჯგალაძე: თუ ჩვენ კითხვებს არ დავსვამთ, ეს გლოვის დღეები, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ შეიძლება, ძალიან ბევრი გვქონდეს
07/08/2023 08:38:57 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სახეზეა და ეს არის ყველაზე მინიმუმ, ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საზოგადოება კითხვებს არ დასვამს, შესაძლოა, ასეთი ტრაგედიები კვლავ განმეორდეს.
„ჩვენ თუ კითხვებს არ დავსვამთ, ეს გლოვის დღეები, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ შეიძლება, ძალიან ბევრი გვქონდეს. პირველი კითხვა, არსებობს თუ არა წინასწარი შეტყობინების სისტემა? დიახ, 21-ე საუკუნეში ეს სისტემა არსებობს. გვქონდა თუ არა ეს სისტემა ასეთი მაღალი რისკის ზონაში ხელისუფლებას დამონტაჟებული? რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. რომ გვქონოდა, მოასწრებდნენ თუ არა ადამიანები თავის შეფარებას? დიახ, მოასწრებდნენ. პასუხისმგებლობა სახეზეა, ეს არის ყველაზე მინიმუმ, დანაშაულებრივი გულგრილობა, ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობა, ვიცი, რომ მძიმე დღეა და ამის გარკვევის დღე არა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თუ კითხვებს არ დავსვამთ, ასეთი გლოვის დღეები გვექნება“,-განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი შეფასებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტიქიასთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესს მოარგო.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.


