
შსს: პოლიციის მაიორი სტიქიური უბედურების ზონაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა
07/08/2023 10:18:49 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"შსს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელსდაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს".
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა.