მიხეილ სააკაშვილი: რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე!
07/08/2023 11:00:40 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე.
სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში?! როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოვიდა. ჩვენ შევათანხმეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც სარკოზიმ მოსკოვში წაიღო. იქ ნახა პუტინი და მედვედევი შემდეგ ჩამოიტანა უკან შეთანხმება, რომელსაც 1 პუნქტი დაუმატეს კერძოდ, „სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში , საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განისაზღვროს“. ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ჩვენ საკუთარი ხელმოწერით უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ტერიტორიებზე და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაზეც, რა თქმა უნდა, მყარი უარი ვთქვი.
სარკოზი ჩემს დარწმუნებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. მუდმივად იმეორებდა, „ხელს თუ არ მოაწერ, ხვალ რუსები თბილისში იქნებიან, პუტინს გადაწყვეტილი აქვს შენი მოკვლა. მე ჯარს ვერ გამოვაგზავნი და ბუში არ აგზავნისო“. ამ საუბარს ჩვენი მხრიდან ესწრებოდა დავით ბაქრაძე და ჩემი ამერიკელი თანაშემწე, დენიელ კუნინი. ლეხ კაჩინსკიმ როცა გაიგო, რომ ასეთ შეთანხმებას გვახვევდნენ თავს, სცადა შეხვედრას შემოერთებოდა, მაგრამ ფრანგულმა მხარემ უარი თქვა. ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ხელახლა დაურეკა მედვედევს და რუსული მხარე დათანხმდა, ხელი აეღო ამ პუნქტზე და საბოლოო ჯამში, უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვაზე.
მაშინ გამოჩენილი სიმტკიცით ჩვენ დავიცავით საქართველოს სუვერენიტეტი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივ აღდგენამდე!“.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად".


