
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს: ვინ რა თქვა მუხათგვერდში
08/08/2023 08:16:12 კონფლიქტები, პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აღნიშნულის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
ვინ რა თქვა მუხათგვერდში
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე:
„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს შვილებს ბევრი უნდა ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა და მჯერა, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას“
კითხვას, "რატომ არის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი დღემდე სადავო?", კალაძე "სპეკულაციურს" უწოდებს.
„აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. გადახედეთ წარსულს! არ მინდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა ნახეთ, რომ 2013-2014 წლამდე, მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის და დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს”, - განაცხადა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
„მინდა, პირველ რიგში, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავს დაატყდა. ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2 ათასზე მეტი დაიჭრა და ამ ომით ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ. 150-მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით რამდენიმე სოფელი, კოდორის ხეობა დავკარგეთ. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვიცი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს. გმირობის უამრავი მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ გაქცეული, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული. ძალიან დიდი სირცხვილი ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ.
იმჟამინდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებდა დაღუპული გმირები და ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა.
მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გვაქვს-რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ამ ომის სათანადო პრევენცია? რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება? ამას პატარა ბავშვი მარტივად გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც ამ პროვოკაციებს მოჰყვებოდა, რომელიც ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მთელი ამ კითხვების ერთობლიობა ერთ რამეზე მიგვითითებს, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ჩვენ მოსახლეობას, ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირ სამხედროების ცხედრები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიატოვეს და არც კი დაინტერესდნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით. მთელმა მსოფლიომ იცის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შემუშავებული გვაქვს სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა რამაც ჩვენი ქვეყანა ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საბოლოო გამთლიანებამდე უნდა მიიყვანოს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა და მწამს. ჩვენ ამ დიდ მიზანს ყოველდღე ვუახლოვდებით.
ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც ქვეყანას შეიძლება მოევლინოს ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ. ვუფრთხილდები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან ისევ და ისევ ერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
ბუნებრივია, რომ ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა საუბარი გავაგრძელო. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, მე არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სამხედრო მმართველობამ, გმირმა ოფიცრებმა იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი.
თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქენი უნდა გადარდებდეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ამაზე მთავარი საკითხი დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს - ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება.
პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა პროვოკაციებს, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, აცხადებენ, რომ კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს. ეს მათი ხელწერაა, ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი პირადი კეთილდღეობისა, ეს არის რეალობა თუ გინდათ, რომ სიმართლე იცოდეთ.
ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე ეს არის სააკაშვილი.
თარიღებს რაც შეეხება თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ დროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო. 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ომის დაწყების თარიღს.
[...] რაც შეეხება მთავარ საკითხს. პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა.
კარგად მოგეხსენებათ მათი, ამჟამად უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა. როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, ახლაც აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს, ეს მათი ხელწერაა, მეგობრებო. ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი, პირადი კეთილდღეობისა".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:
„სამწუხაროდ, 2008 წელს ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე, ნაცვლად იმისა, რომ მკაცრი პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთის მიმართ. ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი - სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი, ომიდან 2 წლის თავზე წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ, ჩვენ ზედმეტად პატარა ვიყავით და ზედმეტად განაპირა, თუმცა, 2008 წელს, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა, ომის გადატანა ევროპის განაპირადან, ევროპის შუაგულში. ახლა ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, ახლა სიტყვები საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა, უკვე იომა. მესმის, რომ შეიძლება სხვებს ომი არ უნდათ, თუმცა, მათი ვალდებულებაა უკრაინას გვერდში დაუდგნენ, რათა მათ ომი არ წააგონ.
ყოველი ხელისუფლება პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს, თუ საზღვრებთან შორს, ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია. ამიტომ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ისეთი პოლიტიკა ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას აგრესიას აარიდებს. უკრაინის საკითხი, უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხია, მე ვსაუბრობ საქართველოსა და ზოგად პრინციპზე. არის საკითხები, რომლის არიდებაც შეუძლებელია. როდესაც ქვეყანას აგრესიული საგარეო პოლიტიკა აქვს, რთულია წინ აღუდგე. მნიშვნელოვანია აქაც მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით. მნიშვნელოვანია, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს უკრაინა იღებს. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ვხედავთ რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, მაშინ მარტო და პატარა ვიყავით, ამიტომ დავმარცხდით, არანაირი სამხედრო დახმარება არ მიგვიღია.
[...] თარიღები ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში, რომელიც 1801 წელს დაიწყო, მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. რაც შეეხება იმ საკითხს, ვინ, რა, როდის დაიწყო და ვინ, რა გააკეთა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ დაემტკიცებინა 2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში, 2022 წელს ჰააგის სასამართლოში და 2023 წელს კვლავ სტრასბურგის სასამართლოში პირველი, რუსეთი იყო სწორედ აგრესორი. მეორე, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე, 5 თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომლითაც დადასტურდა, რომ 2008 წლამდეც რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა. მაშინ ომი არ იყო? 7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი? ჩვენს ომთან დაკავშირებით უცხოელი რას იტყვის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად რა და როგორ არის. ჩვენ ვიცით, რომ ეს ომი არც 7-ში დაიწყო და არც 12-ში დასრულდა. მანამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის დაღუპულების ხსოვნას, ყველას ხსოვნას, მათ ვინც 6 აგვისტოს სამშვიდობოები რომლებიც დაიღუპნენ, 9 აგვისტოს, ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა. ეს თარიღებით მანიპულაცია, ძალიან არასწორია. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო, 2008 წლიდან მოყოლებული 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო, ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. როდესაც ყველა სახელისუფლებო ბერკეტი დაკარგეს, ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ არა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე. ამის პასუხია თავად „ნაციონალური მოძრაობის“ არსსა და მიზანში, მათი არსი და მიზანია გახლეჩა, საზოგადოების დაპირისპირება, ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას აჰყვეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან არ არის ძმათა სასაფლაოზე".
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე:
„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა საქართველომ, მათ შორის 170 თავდაცვის ძალებიდან იყო. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, არ ვართ შერცხვენილი ჩვენი გმირების ოჯახების წინაშე და როდესაც აქ მოვდივართ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ ჩვენს გმირებს და ჩვენი გმირების ოჯახს“.
გარდა ამისა, მან 2008 წლის ომის თარიღთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ყოველ წელს კითხვის დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი, სწორი არ არის.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში უზარმაზარი გამოწვევაა, „ქართული ოცნების“ პერიოდში კონფლიქტი არ ყოფილა:
„თქვენ გულისხმობთ, რომ ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას, თქვენს გარდა. ყოველ წელს ახსენებთ და სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა 8 აგვისტოს აღნიშნავდა, განკარგულებაც არის გამოცემული. ჩვენც 8 აგვისტოს აღვნიშნავთ. თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როდესაც არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი“.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:
„შედეგებიდან რომ დავიწყოთ, წინა ხელისუფლების დროს, სამწუხაროდ, საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რუსეთმა, საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, რასაც ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია და რასაც შემდეგ წლების განმავლობაში ამით სარგებლობა ჰქვია. იცით, რომ ბორდერიზაცია, ეს ყველაფერი ჩვენ დიდი წინააღმდეგობის ფასად გვიჯდება დღემდე და დიდი შრომის ფასად საქართველომ, ქართულმა სახელმწიფომ, როგორც მხარემ, სტრასბურგში და ჰააგაში დავა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მტკიცებულებები შეგნებულად იყო გამქრალი საქმიდან, ორივე პროცესი მოიგო. სამართლებრივი დავა, რუსეთის სახელმწიფოსთან როგორც ოკუპანტ სახელმწიფოსთან არის მოგებული. რაც შეეხება მტკიცებულებებს - ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო „ისკანდერის" ნაწილები. „ისკანდერის“" ნაწილები მანამდე იქნა გადამალული და რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ნაწილები, როგორც მთავარი მტკიცებულება მოგვეპოვებინა და წარგვედგინა სასამართლოში, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ამ სამართლებრივ დავაში იყო მართალი. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ საქმის კურსში არ არიან, არამედ, შეგნებულად მალავენ ქვეყნისათვის და მისი საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე გამართლებისათვის მთავარ მტკიცებულებას და ეს მტკიცებულება წლების შემდეგ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაძებნია და ამის შემდეგ კიდევ ბედავენ რა რაღაცებზე ლაპარაკობენ. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ერთი დიდი დანაშაული”.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღს - როგორც მდინარაძე აცხადებს, "სწორედ რუსული პოზიციაა, რომ საქართველომ 7 აგვისტოს, ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვით, ესკალაცია ახალ, ღია და სრულმასშტაბიან საფეხურზე გადაიყვანა".
„ეს იყო რუსული პოზიცია. 7 აგვისტო და კასეტური ბომბებით დაბომბვა ცხინვალის, რამაც ახალ და სრულ მასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა შეიარაღებული კონფლიქტი და ესკალაცია. ეს იყო რუსული პოზიცია და ამ რუსულ პოზიციას ხელი მოაწერა მაშინ "ნაცმოძრაობის" დელეგაციამ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მივიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის. რომლებიც ჯერ შეიძლება, კიდევ ცოცხლები არიან და შეიძლება, დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, მათთვის ილოცეს. ამავდროულად, ილოცეს 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.
გაერთიანება ამ ორი ტრაგედიის, რომელიც ორივე აგვისტოში მოხდა, შეიძლება, დამთხვევა არ არის ბოლომდე. ჩვენ გვებრძვის მტერი ხან ომით, ხან რბილით ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასევე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.
ისეთი განცხადებები ისმის, თუ სოციალურ ქსელში დაწერილი, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია. მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“, –განუცხდა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: 7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.
2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ "8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა".
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
მიმდინარე წლის აპრილში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა, 2008 წლის აგვისტოში ქვეყანაში შეჭრის საქმეზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად".