
პრემიერი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა, გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი, ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს
08/08/2023 08:59:35 კონფლიქტები, პოლიტიკა
"პირველ რიგში, მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო, კიდევ ერთხელ, ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რომელმაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა".
„ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2000-ზე მეტი დაიჭრა, და ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ ამ ომით, 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, "ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი".
„მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, - ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი, ვიცი რა ის ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა. იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ, ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა, რომ იტყვიან, და ნახა მთელმა საზოგადოებამ, და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, საუბედუროდ. ასევე თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როდესაც იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ, მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები არსებობს ამის თაობაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. საერთოდ, მათ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ეს ჩვენი დაღუპული გმირები, ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია. ეს მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას, - რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის, რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება, - ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა, იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მთელი ეს კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს ერთ რამეზე, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ, ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ამ ბიჭებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც კი დაინტერესდნენ, და რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.პრემიერის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება.„ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე. მშვიდობას, მეგობრებო, ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველდღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაურის თქმით, "გმირმა ოფიცრებმა იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთებიდან, საშინელი ღალატი".
„ის, რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას, იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით, რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ, ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ აი, ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას. ბუნებრივია, რომ ეს ტრაგედია, ეს უბედურება, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ?! 20% არის დღეს ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, მეგობრებო, ბოლო კონტინგენტი რუსული ჯარის გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო, თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით, და აღარ მინდა ახლა საუბარი გავაგრძელო. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ყველა სამხედრომ, მაშინდელი სამხედრო მმართველობა, ვინც იყო, მე არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მმართველობა, სამხედრო მმართველობა, აი, ეს გმირი ოფიცრები, მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, - განაცხადა პრემიერმა.