
დეპუტატებმა დემონსტრანტებს პარლამენტში "შეასწრეს": "სიურპრიზები მაინც იქნება"
29/11/2019 06:19:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტთან დემონსტრანტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზალიკო უდუმაშვილი აცხადებს, "ქართულმა ოცნებამ" დილის 07:00 საათისთვის მოახდინა დეპუტაციის მობილიზება პარლამენტში და შემდეგი სესიისთვის დემონსტრანტები უკვე ღამეს გაათევენ, რომ დეპუტატებმა პარლამენტში კომფორტულად შესვლა ვერ შეძლონ.
"პარლამენტში დღეს დეპუტატები ადრე შეიყვანეს და ამ მიზეზით არ დაგვხვდა ახალი "ბერლინის კედელი" აგებული მთაწმინდაზე. 05:00 საათზე გააღვიძეს ყველა, რომ 07:00 საათზე უკვე პარლამენტში ყოფილიყვნენ. თუ ასე სურს "ქართულ ოცნებას" მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ – 05:00 საათზე ააყენონ და ცხვრებივით მირეკონ პარლამენტში, ან შავი ხვრელებით შეიყვანონ. არაუშავს, შემდეგი სესიაც იქნება და შემდეგ სესიაზე პარლამენტთან ღამეს გავათევთ. არ მივცემთ "ქართულ ოცნებას" კომფორტს, რომ ასე თავისუფლად შევიდნენ პარლამენტში. ამესაც გავათევთ, იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ, საიდანაც გუშინ იპარებოდნენ პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც სჭირდება დაძლევა და არა საკუთარ მოსახლეობასთან ჯიბრში დგომა",– განაცხადა უდუმაშვილმა.
"დამალობანას ახალ სერიად" შეაფასა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ მმართველი გუნდის დეპუტატების პარლამენტში ადრიანად მობილიზების საკითხი და აღნიშნა, რომ დღეს სიურპრიზები მაინც იქნება.
"პროტესტი იქნება აქაც [პარლამენტთან] და კიდევ გვაქვს რაღაც გეგმები",– განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის: პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ამჯერად ბარიკადების გარეშე. ჟურნალისტები პარლამენტში 09:30 საათზე შეუშვეს, თუმცა ადგილზე მისულებს დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში დახვდათ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამ გადაწყვეტილებით არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნებს ახალი სისტემით შეხვდებოდა და მას შემდეგ ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც 28 ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას უარყოფენ ოპოზიციის ლიდერები.