მიხეილ სარჯველაძე – შოვის სტიქიაზე: არ მგონია, დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა
08/08/2023 15:47:08 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ შოვში მომხდარზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა.
სარჯველაძის თქმით, "ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა".
"იქ ხომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც, მაგალიათად, რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება, აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება, ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად, 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში, იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება, ჰქონოდა პერსპექტივების თვალსაზრისით. ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც იმ მასამ არ დაფარა, ის ადამიანი გადარჩა. არ მგონია, რომ იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას იმ ადამიანების ბედზე გავლენა ჰქონოდა", – განაცხადა სარჯველაძე.
სარჯველაძის თქმით, "ოპოზიციამ სცადა, შოვის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია".
"თავისი მასშტაბით მართლაც არნახული სტიქია და ტრაგედიაა. რეზულტატები, რომელიც ადამიანური ტრაგედიების სახით გვაქვს, შეუძლებელია ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ეს არის ძალიან დიდი დრამა და მთელი საქართველოს ტრაგედია, თუმცა ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, რომ პოლიტიკოსები იცლიან და ძალას პოულობენ, რომ აქცენტი პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ. ნაცვლად იმისა, რომ პირველივე წუთებიდან ტრაგედიის განცდის ემოცია ყოფილიყო, მომენტალურად საკითხს ცივად მიუდგნენ და შოვის ტრაგედიის გამოყენებით პოლიტიკური დებატებისთვის ახალი ასპარეზი გახსნეს. კალაძის ოჯახის წამოსვლასთან დაკავშირებით თვითონაც გადასარევად ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა მოხდა, მაგრამ სანამ კონკრეტული კადრები არ დაიდო, სტრატეგია არ შეცვალეს. იგივე შემიძლია ვთქვა ვერტმფრენების ისტორიასთან დაკავშირებით. ვინმემ რაიმე ფუნქცია თქვას, რისი შესრულებაც ვერტმფრენს შეეძლო და ვერტმფრენის არქონის გამო ვერ შესრულდა. იგივე შემიძლია ვთქვა უცხოეთისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე და ჰუმანიტარული მოტივაციით წამოყენებულ ინიციატივებზე. ოპოზიციამ სცადა მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ინსტრუმენტად ექცია, რაც ამორალური საქციელია.
არც ერთი ისეთი რეკომენდებული აქტივობა არ არსებობს, რომელიც ან დაგვიანდა, ან არ განხორციელდა ან არასათანადო რესურსით განხორციელდა. ყველაფერი იყო უზრუნველყოფილი, რასაც კი შეეძლო სტიქიის შედეგების მინიმიზირება და ადამიანების გადარჩენა.
რაც შეეხება დეტექციის სისტემას ამასთან დაკავშირებით ბევრი დეზინფორმაცია მოვისმინეთ - არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნია იმ სპეკულაციურ ვერსიებს, რომლითაც ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ. მასშტაბი, ტრაგიკული გარემოებების დამთხვევა განაპირობებს დასკვნას, რომ წინასწარი პროგნოზირება რასაც საფრთხის თავიდან აცილება შეეძლო, ობიექტურად შეუძლებელი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.


